Logo

ინსულტის მსოფლიო დღე -29 ოქტომბერი

title ინსულტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 ოქტომბერს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინსულტის, მისი პრევენციისა და სიმპტომების შესახებ, აგრეთვე, ყურადღების გამახვილება ინსულტგადატანილ პირთა რებილიტაციის საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე. 2023 წლის გლობალური კამპანიის სლოგანია „ერთად ინსულტზე ძლიერები ვართ“.

თავის ტვინის ინსულტი წარმოადგენს გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის, არტერიული ჰიპერტენზიის ე.წ. „საბოლოო წერტილს.“ ჰიპერტენზიის წარმატებული მართვის შემთხვევაში, იგი თავიდან აცილებადი სისხლძარღვოვანი გართულებაა.

მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. ინსულტის შემთხვევათა 90% ასოცირდება სწორედ იმ რისკ-ფაქტორებთან, რომელთა პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით შესაძლებელია.

  • დღეში 20 ღერი სიგარეტის მოწევა მწეველებში ექვსჯერ ზრდის ინსულტის განვითარების რისკს, არამწეველებთან შედარებით. თამბაქოზე უარის თქმა ამცირებს ინსულტის და სხვა სისხლძარღვოვანი  გართულებების რისკს.
  • ჯანსაღი კვება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას და ინსულტის პრევენციას.
  • კვირაში ხუთჯერ 30 წუთი ვარჯიში 25%-ით ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.
  •  ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინსულტის ძირითადი რისკ-ფაქტორების, მათ შორის ჰიპერტენზიის, დიაბეტის, ჰიპერქოლესტერინემიის, დეპრესიის და სტრესის განვითარების რისკის შემცირებაში.

თავის ტვინის ინსულტის ზოგადი ეფექტებია: ტკივილი, დეპრესია, ცვლილებები ცნობიერებაში, კომუნიკაციის სირთულეები და სპასტიურობა (პარალიზებული კუნთების უნებლიე შეკუმშვა კიდურის გადაადგილების მცდელობის შემდეგ).

ინსულტის შემდგომი მოვლა ორიენტირებული უნდა იყოს პაციენტის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე შესაბამისი მკურნალობის და რეაბილიტაციის საფუძველზე.

2020-2022 წწ. მონაცემებით, საქართველოში, ყოველწლიურად ფიქსირდება დაახლოებით 13000 თავის ტვინის ინსულტის ჰოსპიტალური შემთხვევა.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია ფინანსდება.

ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს.

2023 წლის 21 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N26/ნ ინსულტის მართვის სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების თაობაზე.

ინსულტის ჰოსპიტალური შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ინსულტის რეგისტრის შემუშავება. აღნიშნული ინტერვენციები გააუმჯობესებს ინსულტის ნოზოლოგიის გამოვლენის შეფასებისა და მართვის პროცესს ქვეყანაში.

https://www.world-stroke.org/world-stroke-day-campaign