title
მიმდინარე წლის 2 აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. აქცია მიზნად ისახავს COVID-19-ის გავრცელებაზე საპასუხო რეაგირებას, უანგარო მოხალისე დონორების მობილიზებას და ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგების შევსებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წარსულში მსგავსი რესპირატორული კორონავირუსების (SARS-CoV და MERS-CoV) აფეთქების გამოცდილებაზე დაყრდნობით, SARS-CoV-2-ს აქვს პოტენციალი მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყანაში არსებულ სისხლის მარაგებზე, რასაც ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID 19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, მობილური აქციების შეზღუდვა და ხელმისაწვდომობის სხვა ბარიერები.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, COVID-19-ის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, აღინიშნება სისხლის დონაციების შემცირების ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემა ფოკუსირებულია ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაზე და მცირდება გეგმური კლინიკური ჩარევები, მოთხოვნა სისხლსა და სისხლის კომპონენტებზე კვლავაც მაღალი რჩება ისეთი გადაუდებელი მდგომარეობების გამო, როგორიცაა ტრავმები, მშობიარობასთან დაკავშირებული სისხლდენები, ახალშობილთა მწვავე ანემიები, გადაუდებელი ოპერაციები, ასევე, სისხლის და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და სხვა ქრონიკული მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას. ამავე დროს, სისხლის გადასხმა შესაძლებელია საჭირო გახდეს COVID-19-ის გართულებული შემთხვევების მართვისთვის, როდესაც ვითარდება სეფსისი ან საჭიროა ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის გამოყენება. სწორედ ამიტომ, COVID-19-ის მიმდინარე ეპიდემიური აფეთქების დროს, შემცირებული დონორების და ტრანსფუზიებზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, სისხლის და სისხლის კომპონენტების მარაგების მუდმივ შევსებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისთვის და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მოსახლეობის მაღალ პასუხისმგებლობაზე, თანადგომაზე და სოციალურ სოლიდარობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის პერიოდში, თხოვნით მიმართავს საჯარო, კერძო, არასამთავრობო, სათემო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ სისხლის უანგარო დონაციების ორგანიზებულ აქციებს, მოახდინონ ჯანმრთელი, უანგარო მოხალისე დონორების მობილიზება, გაიღონ სისხლი და გადაარჩინონ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე.