Logo

15 ნოემბერი, 2023 ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღე “სუნთქვა სიცოცხლეა - იმოქმედე დროულად!”

title ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) წარმოადგენს პრევენტირებად დაავადებას, რომელიც იწვევს ქოშინს,  ქრონიკულ ხველასა და ნახველის ქრონიკულ გამომუშავებას. შეფასებითი მონაცემებით ფქოდით, გლობალურად, ყოველწლიურად სამი მილიონი ადამიანი კვდება. მოსალოდნელია ამ რიცხვის გაზრდა მსოფლიოს მოსახლეობის დაბერებისა და რისკის ფაქტორებისადმი ექსპოზიციის გაძლიერების გამო.

ფქოდით დაავადების მთავარ რისკის ფაქტორს წარმოადგენს თამბაქოს კვამლით, სხვა ტოქსიური შესასუნთქი ნაწილაკებით და აირებით ექსპოზიცია, თუმცაღა ბოლო კვლევები გვიჩვენებენ, რომ ფქოდზე გავლენას ახდენს გენეტიკური და გარემოს რისკის ფაქტორების კომბინაციები, რომლთა ზემოქმედებაც  სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. ფქოდის განვითარებისათვის კრიტიკული ზეგავლენის მქონე ეს ფაქტორები მიგვითითებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფილტვების ჯანმრთელობის განხილვა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ჩანასახიდან მოზრდილობამდე.

ფქოდის მსოფლიო დღე ყოველწლიური გლობალური ღონისძიებაა, რომელიც  ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD – Global Initiative for Chronic Obstructive lung diseases) ხელმძღვანელობით  ტარდება. აღნიშნული ორგანიზაცია  რესპირატორული საზოგადოებების  საერთაშორისო ფორუმის (FIRS – Forum of International Respiratory Soscietes) წევრია. ფქოდის მსოფლიო  დღის აღინიშვნის მიზანია ინფორმირებულობის გაზრდა და ფქოდის შესახებ ახალი ცოდნისა და ინოვაციური თერაპიული სტრატეგიების პრეზენტაცია მსოფლიოში. წელს, 2023 წლის 15 ნოემბერს, ფქოდის დღე წელს ოცდამეორედ აღნიშნება; წლევანდელი თემაა „სუნთქვა სიცოცხლეა - იმოქმედე დროულად“ და მისი მიზანია ხაზი გაუსვას ფილტვების ჯანმრთელობისათვის სიცოცხლის ადრეულ პერიოდში მიმდინარე მოვლენების, ადრეული დიაგნოსტირებისა და ადრეული ინტერვენციების  მნიშვნელობას. ჯანსაღი ფილტვების შენარჩუნება მომავალი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება.

ცნობილია, რომ თამბაქოს კვამლის გარდა ფქოდზე გავლენას ახდენს სხვა მრავალი ფაქტორი და რომ ფქოდი შეიძლება დაიწყოს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე და შესაძლებელია დააზიანოს ახალგაზრდებიც. ამას გარდა, ახლა უკვე აღმოჩენილია დაავადებისწინარე მდგომარეობანი, რაც გვიხსნის ადრეული დიაგნოსტიკის და სწრაფი მკურნალობის შესაძლებლობებს. წლევანდელი კამპანიის მიზანია ფილტვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობა ადრეული ასაკიდან, ფქოდის დროული პრევენცია და მკურნალობა. იგი შეიძლება მოიცავდეს ადრეული რისკის ფაქტორების პრევენციას, ფილტვების ჯანმრთელობის მონიტორინგს დაბადებიდანვე, ფქოდის დავადებისწინარე მდგომარეობების გამოვლენას და სწრაფი მკურნალობის უზრუნველყოფას.

ფქოდის ტვირთის შესამცირებლად მსოფლიოში მიმდინარე ღონისძიებები მოიცავს მწველობის შეწყვეტის პროგრამებს, შიდა და გარე სივრცეების ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლას,  და ასევე, ბავშვებზე მოქმედი  ფაქტორების შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ფქოდის საბოლოო განკურნება შეუძლებელია, მისი პრევენცია და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია. აუცილებელია უვნებელი სასუნთქი გარემოს შექმნა სამუშაო ადგილებზე; მოქალაქეებს შეუძლიათ იყვნენ ჰაერის სისუფთავის კარგი გუშაგები; პაციენტები და ოჯახები შეიძლება გამოვიდნენ მეტი კვლევებისა და ჯანდაცვის სერვისებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის ადვოკატირებისათვის, რომელიც მოიცავს აუცილებელ მედიკამენტებს, ფილტვის ფუნქციის რუტინულ სკრინინგს, პაციენტებისათვის ტელემედიცინის შესაძლებლობების ფართოდ გამოყენებას  და ეფექტურ მკურნალობას.

მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელების თანამშრომლობა სპირომეტრიის  ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და მათ მიერ სპირომეტრიის, როგორც ჯანდაცვის მარკერის სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე, გამოყენებას არა მხოლოდ რესპირატორულ დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის, არამედ მის გამოყენებას, როგორც ჯანმრთელობის ზოგადი მარკერი.

ქრონიკული რესპირაციული დაავადებების თავიდან ასაცილებლად ან რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

საქართველოში ფილტვის ქრონიკულ ობსტუქციულ დაავადებთან მიმართებაში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება შემდეგი სერვისები:

1.                   ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ძირითადი რესპირატორული პათოლოგიების რეაბილიტაციის 20-დღიან კურსს. კომპონენტის მოსარგებლეები არიან „მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებზე დასაქმებული პირები, რომლებსაც სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გამო აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადებები.

2.                   ბენეფიციართა გარკვეული ჯუფების (სოციალურად დაუცველ პირთა, საპენსიო ასაკის პირთა, ვეტერანთა და სხვათა) ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კერძოდ ფქოდი-ს, სამკურნალო მედიკამენტებით ხელმისაწვდომობა საცალო რეალიზაციის ფარმაცევტულ ობიექტებში გეოგრაფული პრინციპის დაცვით.

3.                   ქრონიკული დაავადების ფქოდი; ასთმა და სუნთქვის უკმარისობის სხვა ფორმები მქონე 65 წლის და უფროსი ასაკის პირებისა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარების პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

 

2021 წელს საქართველოში ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადებით (J40-44, J47; ქრონიკული და დაუზუსტებელი ბრონქიტი, ემფიზემა, ფილტვის სხვა ქრონიკული ობსტუქციული დაავადებები, ბრონქოექტაზია) აღრიცხული იქნა 29966 ავადმყოფი (პრევალენტობა–808.01). სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული იქნა 9174 ავადმყოფი (ინციდენტობა – 247.37). წინა წელთან შედარებით, პრევალენტობასა და ინციდენტობის მკვეთრი კლება ნაწილობრივ პაციენტის პირადი მონაცემების საფუძველზე დაჯამებული სტატისტიკითაა  გამოწვეული და ამას გარდა პრევალენტობასა და ინციდენტობაზე დიდი ზეგავლენა მოახდენა პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა. 2008-2021 წლებში ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადებით პრევალენტობის და ინციდენტობის დინამიკა ცვალებადი ხასიათისაა.

 

სურათი 1. ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადების  დინამიკა, საქართველო. 2008-2021

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა გლობალური ტვირთის 2019 წლის კვლევის მონაცემებით საქართველოში ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადების ინციდენტობის და პრევალენტობის შეფასებითი მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2008-2019 წლებში მაღალია გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით (სურათი 2). თუ 2008-2019 წლების საქართველოს ინციდენტობას (სურათი 2) შევადარებთ დკსჯეც სტატისტიკზე დაფუძნებულ ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადების  ინციდენტობის დინამიკას (სურათი 1), ვნახავთ რომ დკსჯეც სტატისტიკის ავადობის მაჩვენებლები 2008-2019 წლებში მნიშვნელოვნად მაღალია, თუმცა დკსჯეც სტატისტიკის მონაცემებით ტენდენცია ცვალებადია, ხოლო დაავადებათა გლობალური ტვირთის 2019 წლის კვლევის მონაცემებით კი, ტენდენცია აღმავალია. რაც შეეხება პრევალენტობას, დაავადებათა გლობალური ტვირთის 2019 წლის კვლევის მონაცემებით საქართველოში ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადების პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე 2008-2019 წლებში 3000- დან 3600-მდე ფარგლებშია (სურათი 2), დკსჯეც სტატისტიკზე დაფუძნებული მონაცემებით (სურათი 1) კი, 600- დან 1000-მდე ფარგლებში მერყეობს.

სურათი 2. ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადების  პრევალენტობა და ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, მსოფლიო და საქართველო, 1990-2019. დაავადებათა გლობალური ტვირთის 2019 წლის კვლევის მონაცემები.

 

2021 წელს ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადების ინციდენტობა მაღალია სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და სამეგრელოში; დაბალია - კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.  წინა წელთან შედარებით, რეგიონების უმრავლესობაში შეინიშნება ინციდენტობის კლება (განსაკუთრებით მკვეთრი კლებაა გურიაში), მაგრამ მცხეთა-მთიანეთში აღინიშნა მატება. (სურათი 3)

სურათი 3. ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადების ინციდენტობა რეგიონების მიხედვით, საქართველო, 2019-2020-2021.