Logo

სიმსუქნის მსოფლიო დღე

title

გლობალურად, სიმსუქნემ ეპიდემიურ გავრცელებას მიაღწია. ეს მდგომარეობა წარსულში განვითარებული ქვეყნების პრობლემად იყო მიჩნეული; თუმცა, ამჟამად მზარდ პრობლემად იქცა დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვისაც. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში 1.3 მილიარდზე მეტ ზრდასრულ ადამიანს აქვს ჭარბი წონა და 600 მილიონი კი მსუქანია. ჭარბი წონის თანმდევი შედეგებია არაგადამდები დაავადებები და ნაადრევი სიკვდილიანობა .


საქართველოში არაგადამდებ დაავადებებს უკავშირდება საერთო სიკვდილიანობის 94%. ამასთან, სიკვდილიანობის 88%-ს განაპირობებს ისეთი არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი. აღსანიშნავია, რომ სიკვდილიანობის 69% მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებითაა გამოწვეული. ეს ის მდგომარეობებია, რომელთა კავშირი სიმსუქნესთან და ჭარბწონიანობასთან  კვლევებით დასტურდება.


უკანასკნელ წლებში გამოიკვეთა ჭარბწონიანობის მზარდი ტენდენცია. არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების უახლესი კვლევის (STEPS 2016) მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 64.6%-ს აქვს ჭარბი წონა და 33.2% მსუქანია, რაც აღემატება 2010 წელს ჩატარებული იმავე კვლევის მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც ჭარბი წონა ქონდა მოსახლეობის 56.4%, სიმსუქნე კი 25.1%-ს .


სიმსუქნის პრობლემის მქონე ადამიანები მრავალი პრობლემის წინაშე დგანან. მათ შორისაა სტიგმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ჯანდაცვაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა. სიმსუქნე კომპლექსური მდგომარეობაა და ბევრად სცილდება ამჟამინდელ ნარატივს „ჭამე ნაკლები, იმოძრავე მეტი“. ამიტომ, ცვლილებების რეალობად ქცევისთვის, საჭიროა მოქმედება ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. საჭიროა ყველას, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალების, დამსაქმებლების, პოლიტიკის შემქმნელების, სიმსუქნით დაავადებული ადამიანების და ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობა .  

4 მარტს სიმსუქნის მსოფლიო დღე აღინიშნება.
საერთაშორისო დღის წლევანდელი კამპანიის თემაა  „ყველამ უნდა იმოქმედოს“ . ჩვენ ერთად შეგვიძლია ყველას მივცეთ შანსი იცხოვროს უფრო ბედნიერად, ჯანმრთელად და ხანგრძლივად.