Logo

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, 2019

title

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, 2019: კონცენტრირება მოვახდინოთ სუიციდის პრევენციაზე

ყოველ 40 წამში 1 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით

 

 

მსოფლიოში, ყოველი წლის 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა  „სუიციდის პრევენცია“.

სუიციდი გლობალური პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. იგი 15-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილობის სამიდან ერთ-ერთი, ხოლო 15-29 წლამდე მეორე წამყვანი მიზეზია. სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 70-ზე უფროს ასაკობრივ ჯგუფებში ფიქსირდება.  თვითმკვლელობის 79% დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ხდება. სუიციდის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია პესტიციდების (ქიმიური ნივთიერებები, გამოიყენება მავნებლების ან სარეველების წინააღმდეგ) მიღებს, თავის ჩამოხრჩობა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი ემშვიდობება სიცოცხლეს სხვადასხვა საშუალებით.

მსოფლიოში ყოველწლიურად 800 000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს სუიციდით.

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სუიციდი აქტუალური საკითხია.

2016 წელს, საქართველოში ჩატარებული არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის (STEPS) მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოკითხულთა 16.0%-მა (სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით 18-29 წლის ასაკობრიის ჯგუფის ყველაზე მეტმა წარმომადგენელმა) დაგეგმა თვითმკვლელობის განხორციელების გზები; გამოკითხულთა დაახლოებით 1%-ს კი ოდესმე უცდია თვითმკვლელობა. ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ფაქტიურად მთელს მსოფლიოში, გარკვეული ტაბუ არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში და, შესაბამისად, თვითმკვლელობის ოფიციალური მონაცემები არასრულფასოვანია: ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, დამალონ შემთხვევები, როცა მათი ოჯახის წევრები სიცოცხლეს თვითმკვლელეობით ასრულებენ.

მიზეზები, რამაც შეიძლება მოახდინოს თვითმკვლელობის პროვოცირება, მრავალფეროვანია[i]. კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გენეტიკაა - თვითმკვლელობის შემთხვევების ოჯახური ისტორია ზრდის პიროვნების სუიციდალური ქცევის რისკს.[ii],[iii] სექსუალური ორიენტაცია, ჰობი, სოციალური სტატუსი, პროფესია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი... ეს იმ ფაქტორების მოკლე ნუსხაა, რომლებიც ფსიქიკური პრობლემებისა თუ დატვირთული მემკვიდრეობისაგან დამოუკიდებლად, ან მათი თანხლებით, ასევე გავლენას ახდენს პიროვნების სუიციდისადმი მიდრეკილებაზე[iv].

ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანები, შესაძლოა, სხვებზე მეტ სტრეს სრულებითაც არ განიცდიდნენ. თუმცა, მათი ხასიათის გარკვეული შტრიხები პრობლემებთან გამკლავებისთვის ბარიერი ხდება. ასეთ სიტუაციებში ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორიცაა ავადმყოფობა, განშორება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ოჯახური პრობლემები, სამსახურის დაკარგვა და ა.შ. სუიციდალური ფიქრების და თვითმკვლელობის მიზეზი ხდება. თვითმკვლელობა ძლიერ სტრესულ სიტუაციაზე ადამიანის უკიდურესი რეაქციაა. ასეთ დროს მას არ შეუძლია, ვერ ბედავს  მიმართოს სხვას დასახმარებლად. ამ მხრივ, თვითმკვლელობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ მოზარდები არიან. ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემები (პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში, სწავლის კუთხით, გარეგნობის კომპლექსები, მშობლებთან უთანხმოება...) გლობალურად, 12-დან-16 წლამდე მოზარდებში ბიჭების 10% და გოგონების 20%-ის თვითმკვლელობის მიზეზი ხდება[v].

სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს  (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას); კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და, ზოგადად, ცხოვრების მიმართ; გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ; უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. ხშირად, ხმამაღლა აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“, არცთუიშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან. 

ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობისკენ დგამენ ნაბიჯს, ამით მხოლოდ ტკივილის, დისკომფორტის თუ იმედგაცრუების თავიდან აცილებას ცდილობენ. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კვლევების მიხედვით იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელთაც სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც უცდია თვითმკვლელობა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანა ჩანაფიქრი, შემდგომში ამ მცდელობას აღარ იმეორებს.

ფსიქოლოგების მტკიცებით, თანადგომა და ამ ადამიანების პრობლემების გაზიარება, სუიციდზე ღიად ლაპარაკი თვითმკვლელობის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი ფაქტორია.[vi]

ამიტომ, დაიმახსოვრე: თუ ეჭვობ, რომ ვინმე თვითმკვლელობას გეგმავს, გაესაუბრე, მოუსმინე და შესთავაზე დახმარება.

 

 

 



[i] http://facts.randomhistory.com/2009/07/15_suicide.html

[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK107191/

[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/4021024

[iv] http://www.nhs.uk/Conditions/Suicide/Pages/Causes.aspx

[v] http://chealth.canoe.ca/channel_condition_info_details.asp?disease_id=135&channel_id=40&relation_id=55627