Logo

აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის მექანიზმების გაძლიერება მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 23.03.2018

title

2018 წლის 23 მარტს,  სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში გაიხსნა კვლევის საველე სამუშაოები. გახსნას დაესწრნენ დკსჯეც-ისა  და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, ასევე აჭარის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები. დკსჯეც-ის წარმომადგენლები მონიტორინგს გაუწევენ  კვლევის საწყის ეტაპს ადგილზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებს პროექტს „აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის მექანიზმების გაძლიერება მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. პროექტის მიზანია მიგრანტებზე ფოკუსირებულ მიდგომაზე დაყრდნობით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში ხელი შეუწყოს აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციას, გამოვლენას, რეფერირებასა და მკურნალობაში ჩართვას.

ზემოაღნიშნული პროექტით დაგეგმილია საქართველო-თურქეთის საზღვარზე, კერძოდ, სარფის საბაჟოზე  მიგრანტების გამოკვლევა/სკრინინგი აივ ინფექციაზე სწრაფი ტესტის, ხოლო  ტუბერკულოზზე კითხვარების საშუალებით.

საველე სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა პროექტში მონაწილე პირთა მომზადება-ტრენინგი ბათუმში. ტრენინგები გულისხმობს სამუშაო პროტოკოლის და კვლევის ყველა კომპონენტის (რესპონდენტთა შერჩევა, ინტერვიუს ჩატარება კითხვარის მიხედვით, საინფორმაციო მასალის დარიგება, ლაბორატორიული ნაწილი) დეტალურ გაცნობას.