Logo

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული, 22-28 იანვარი, 2018

title

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია შესაძლებელია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული ევროპის მასშტაბური ინიციატივაა, რომელსაც  ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაცია (ECCA) უძღვება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებული პროგრამები კიბოს თითქმის 80%-ის პრევენციის საშუალებას იძლევა, ამასთან, ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.  აპვ საწინააღმდეგო ვაქცინა  ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს (ტიპი 16 და ტიპი 18), რომელიც  ყველაზე მეტადაა გავრცელებული და ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალურ მეჭეჭებს. ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა - ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი უვითარდება. 2016 წლის ბოლოსთვის იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI)  მხარდაჭერით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 23 ქვეყანაში დაინერგა და ამით,  ალიანსი საშუალებას იძლევა, რომ  გლობალურად 2020 წლისათვის 40 მლნ გოგონა იქნას დაცული საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან.

მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა, რატომ არის ავადობა და სიკვდილიანობა კვლავ მაღალი?

არსებობს ორი ძირითადი მიზეზი:

1. ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და HPV ვაქცინაციის ეფექტური პროგრამები დანერგილი.

2. იქაც კი, სადაც ეს პროგრამები ფუნქციონირებს, ბევრი ქალი არ არის ინფორმირებული მათ მნიშვნელობაზე და მათი მონაწილეობა დაბალია.

2016 წელს საქართველოში საშვილოსნოსყელისკიბო მესამე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება იყო ქალთა შორის ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ. 2015 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 591, ხოლო 2016 წელს 756 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები 100000 ქალზე 2015-2016 წლებში 18-19-ის ფარგლებში ვარირებდა. დაავადება არ გამოვლენილა 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. 2016 წელს საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების 184 შემთხვევა დაფიქსირდა.

2015 წელს გლობალურად 526 000  ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი დაესვა და დაავადების შედეგად 239000 პაციენტი გარდაიცვალა. ყოველი 68 ქალიდან საშუალოდ ერთს განუვითარდა საშვილოსნოს ყელის კიბო 79 წლამდე ასაკში; აღნიშნულ წელს ის მსოფლიოს 11 ქვეყანაში ქალთა შორის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული ონკოლოგიური დაავადება იყო, ხოლო 50 ქვეყანაში - კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი. 1990 წლიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობა მცირდებოდა სტაბილურად მრავალ ქვეყანაში გარდა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისა. აღსანიშნავია, რომ 2005-2015 წლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობა გლობალურად 26%-ით შემცირდა, თუმცა ქვეყნების მიხედვით დიდი გეოგრაფიული ვარიაცია ვლინდება, რაც რეგულარული სკრინინგისა და აპვ ვაქცინაციის განსხვავებულ ხელმისაწვდომობას უკავშირდება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს  სკრინინგი დაინერგა, შემთხვევების რაოდენობა თითქმის 65%-ით შემცირდა ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე. მაგალითად, ნორვეგიაში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა შემცირდა 6,3-დან 1,5-მდე 100000 მოსახლეზე (1970-2011 წლებში). კოჰორტული კვლევის შედეგები უჩვენებენ, რომ ბევრ ქვეყანაში დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი, რადგან შემცირებულია შემთხვევითი სქესობრივი კავშირები.  

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საკითხის პოპულარიზაციისა და  საზოგადოების  ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები.

მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და აპვ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ, რათა ამ სერვისების მოხმარების მოტივაცია გაუჩნდეთ, სადაც ის ხელმისაწვდომია. ამასთან, ექიმებს, ექთნებს და ჯანდაცვის სხვა პროვაიდერებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი და უახლესი ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და აპვ ვაქცინაციის შესახებ, რათა მათ შეძლონ თავიანთი პაციენტების კითხვებს უპასუხონ და მოუწოდონ ამ სერვისების გამოყენების შესახებ;

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის მიზანი ერთია, რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს ინფორმირებული ამ დაავადებისა და მისი პრევენციის გზების შესახებ.

ერთობლივი ძალებით ცნობიერების ამაღლებით - ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ათასობოთ ქალბატონის სიცოცხლე!