Posted on:
14.08.2018
title
2018 წლის 7-8 აგვისტოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და პროექტის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები პილოტური პროგრამის „ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვის რგოლში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის” მიმდინარეობის ადგილზე გაცნობის, მიღებული შედეგების შეფასებისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტში (მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ფოთი, სენაკი, აბაშა). სამუშაო შეხვედრები გაიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების, პჯდ-ს რგოლის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
2018 წლის აპრილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს პილოტური პროგრამა „ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვის რგოლში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის”. პროგრამა გულისხმობს პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის ამაღლებას C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია გლობალური ფონდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობით.
საპილოტე პროგრამის ამოქმედებისათვის წინასწარ შემუშავდა „პირველადი ჯანდაცვის დონეზე C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროტოკოლი“, გადამზადდა რეგიონის ოჯახისა და სოფლის ექიმები, ხარისხის მართვის ჯგუფები. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით C ჰეპატიტის და აივ-ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მათი უზრუნველყოფა სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებითა და სახარჯი მასალებით, ანგარიშგების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა ხარისხის კონტროლი და ტექნიკური მხარდაჭერა, ექიმების მიერ რეფერირებული სკრინინგდადებითი ბენეფიცირებისაგან საკვლევი მასალის აღება და კონფირმაცია. შეთანხმებისამებრ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თავის მხრივ გამოყვეს ფინანსური რესურსები, პროცესში მონაწილეთა დაფინანსების მიზნით.
მისასალმებელია, რომ პროექტის მიმდინარეობის 4 თვის მონაცემებით, მიღწეულია C ჰეპატიტზე სკრინინგის დასახული სამიზნე მაჩვენებლის 55,6%, გამოვლენილია დადებითი 1460 ახალი შემთხვევა (დასკრინულთა 2,7%), აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგით გამოვლენილია საეჭვო-დადებითი 22 შემთხვევა.
მიმდინარე წლის 4 თვეში მიღებული შედეგები იმის მყარ საფუძველს იძლევა, რომ წლის ბოლომდე დასახული მიზანი მიღწეული იქნება. მთლიანობაში აღნიშნულმა პროექტმა აჩვენა პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაფინანსების კომბინირებული მექანიზმის გამოყენების ეფექტურობა, კერძოდ ფიქსირებული დაფინანსება უბანზე აღრიცხული კონტინგენტის რაოდენობის შესაბამისად, დამატებითი დაფინანსება იმ სერვისებისთვის, რომელიც სახელმწიფო პროგრამით (მაგალითად C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგი, კარდაკარ შემოვლის პრინციპით) არ წარმოადგენს სოფლის ექიმის პირდაპირ ვალდებულებას და ასევე შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება, შემუშავებული ინდიკატორების შესრულებისთვის.
შეხვედრებზე წამოყენებული იქნა მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრა პჯდ-ს რგოლისა და საზ.ჯ/დ სამსახურების გამართული მუშაობისათვის და მოითხოვს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე შესაბამისი ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას.
შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხების ღრმა ანალიზის შემდგომ, სამინისტროსთან ერთად დაიგეგმება
ადგილობრივი სამსახურების ფუნქციონირების ხელშემწყობი ღონისძიებები.