Logo

თირკმლის მსოფლიო დღე

title

თირკმლის მსოფლიო დღე გლობალური კამპანიაა, მისი მიზანია ჯანმრთელობისთვის თირკმელების მნიშვნელობის ხაზგასმა და ინფორმირებულობის გაზრდა.
თირკმლის მსოფლიო დღე  ყოველწლიურად აღინიშნება. მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ღონისძიება ტარდება მოსახლეობის სკრინიგისა და მარათონების სახით. ეს ღონისძიებები ტარდება პრევენციული ქცევის, რისკ-ფაქტორების და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტთა სწორი მოვლის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.
თირკმლის მსოფლიო დღე ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებისა (International Society of Nephrology) და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის (International Federation of Kidney Foundations) ერთობლივი ინიციატივაა.

თირკმლის მსოფლიო დღის მისია



თირკმლის მსოფლიო დღე  მიზნად ისახავს გაიზარდოს ინფორმირებულობა ჯანმრთელობისთვის თირკმელების მნიშვნელობის შესახებ, შემცირდეს თირკმლის დაავადებათა გავრცელება, ტვირთი და მათთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემები.
თირკმლის მსოფლიო დღის საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის თემაა „ჯანმრთელი თირკმელი ყველასათვის“  - გავიღრმავოთ ცოდნა თირკმელზე უკეთესად ზრუნვისთვის, რაც ფოკუსირებულია საზოგადოებაში თირკმლის ჯანმრთელობის შესახებ არსებული მწირი ინფორმაციის პრობლემის საპასუხო საგანმანათლებლო და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე.

თირკმლის მსოფლიო დღის მიზნები:



•    გაიზარდოს ინფორმირებულობა თირკმელების შესახებ იმის ხაზგასმით, რომ დიაბეტი და სისხლის წნევის მაღალი ციფრები თირკმლის ქრონიკული დაავადების ძირითადი რისკ-ფაქტორებია.
•    წახალისდეს დიაბეტით და ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების სისტემატური სკრინინგი თირკმლის ქრონიკულ დაავადებების გამოსავლენად.
•    წახალისდეს პრევენციული ქცევა.
•    ამაღლდეს სამედიცინო პროფესიონალთა განათლება, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ყურადღება გამახვილდეს მათი საკვანძო როლის შესახებ თირკმლის ქრონიკული დაავადებების რისკის აღმოჩენასა და შემცირებაში, განსაკუთრებით მაღალი რისკის პოპულაციაში.
•    ხაზი გაესვას ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების მნიშვნელოვან როლს თირკმლის ქრონიკული დაავადებების ზედამხედველობაში. თირკმლის მსოფლიო დღეს მთავრობებს რეკომენდაციას აძლევს მოახდინონ ინვესტირება თირკმლის სკრინინგულ პროგრამებში.
•    თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, წახალისდეს ტრანსპლანტაცია, როგორც საუკეთესო გამოსავალი.

რა არის თირკმლის ქრონიკული დაავადება?



თირკმლის ქრონიკული დაავადება არის თირკმლის ფუნქციის პროგრესირებადი დაკარგვა წლების ან თვეების განმავლობაში. თითოეული თირკმელი შედგება დაახლოებით მილიონი პატარა ფილტრისაგან, რომელსაც ნეფრონს უწოდებენ. თუ ნეფრონები დაზიანდება ისინი მუშაობას შეწყვეტენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში ჯანსაღ ნეფრონებს შეუძლიათ დამატებითი სამუშაოების თავის თავზე აღება, მაგრამ თუ დაზიანება გაგრძელდება, უფრო და უფრო მეტი ნეფრონი დაიბლოკება. ნეფრონების დაზიანებების კრიტიკულ წერტილში ისინი ვეღარ შეძლებენ სისხლის სრულფასოვან ფილტრაციას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. როდესაც თირკმლის ფუნქცია გასცდება ნეფრონების დაზიანებების კრიტიკულ წერტილს, ასეთ მდგომარეობას უწოდებენ თირკმლის უკმარისობას. თირკმლის უკმარისობა გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე და ადამიანმა შეიძლება ძალიან ცუდად  იგრძნოს თავი. არანამკურნალები თირკმლის ნაკლოვანება სიცოცხლისათვის საშიშია.

რა არ უნდა დაგვავიწყდეს:



•    თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს ადრეულ ეტაპზე სიმპტომები და ნიშნები არ აქვს.
•    თირკმლის ქრონიკული დაავადება თავისით არ გაივლის.
•    თირკმლის დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია. რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოზის დასმა,  მით მაღალია ეფექტური მკურნალობის მიღების შესაძლებლობა.
•    თირკმლის დაავადებების დასადგენად გამოიყენებენ სისხლისა და შარდის ტესტებს.
•    თირკმლის დაავადებება შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში.

•      გლობალურად მოზრდილი მოსახლეობის 8-10% გააჩნია თირკმლის დაზიანების რაიმე ხარისხი.  ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ნაადრევად კვდება თირკმლის ქრონიკულ დაავადებებთან ასოცირებული გართულებებით.
•    ფარულად მიმდინარე თირკმლის ქრონიკული დაავადება წარმოადგენს თირკმლის ფუნქციის დაკარგვის რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რაც მოითხოვს რეგულარულ დიალიზსა და თირკმლის ტრანსპლანტაციას.
•    თირკმლის ქრონიკული დაავადება ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს მასთან ასოცირებული კარდიოვასკულური დაავადებების (ინფარქტი, ინსულტი) გამო. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პირისათვის ნაადრევი სიკვდილის რისკი დგება  მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას თირკმლის უკმარისობა.
თუ თირკმლის ქრონიკული დაავადება ადრეულ სტადიაზე იქნება აღმოჩენილი და  სათანადოდ ნამკურნალები, შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დაზიანება შენელდეს ან შეწყდეს და, შესაბამისად, შემცირდეს მასთან დაკავშირებული კარდიოვასკულური დაავადებების რისკი.

თირკმლის ქრონიკული დაავადების მიზეზები



თირკმლის დაავადების ძირითადი მეზეზებია მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი. თირკმლის უკმარისობის შემთხვევათა დაახლოებით მეოთხედი უკავშირდება მაღალ არტერიულ წნევას, ხოლო მესამედი დიაბეტს. სხვა, შედარებით ნაკლებად გავრცელებული მიზეზებია გლომელურონეფრიტი და პიელონეფრიტი. ზოგჯერ თირკმლის ქრონიკული დაავადება თანდაყოლილია; მაგალითად, თირკმლის პოლიცისტური დაავადება. სხვა შემთხევაში თირკმლის ქრონიკული დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს წინამდებარე ჯირკვალის ჰიპერპლაზია ან  თირკმლის კენჭოვანი დაავადება.

თირკმლის დაავადებების გავრცელება

  • მსოფლიოში 850 მილიონ ადამიანს აღენიშნება თირკმლის პათოლოგია;
  • ყოველი მეათე ზრდასრული ადამიანი დაავადებულია თირკმლის სხვადასხვა დაავადებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 10 ადამიანიდან ერთს, გარკვეული ხარისხის თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მოსახლეობის 8-10%-ს აღენიშნება და ყოველწლიურად  მილიონობით ადამიანის  ნაადრევი სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს;
  • თირკმლის დაავადებების გავრცელების მიუხედავად,  10-დან 9 ადამიანს, ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება, ძუძუს კიბოსთან შედარებით, უფრო ხშირად იწვევს სიკვდილს და მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი 10 ძირითად მიზეზთა შორისაა;
  • გლობალურად, თირკმლის ქრონიკული დაავადებით ყოველწლიურად დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილობის მე-6 მიზეზს წარმოადგენს;
  • თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, 6-8-ჯერ ზრდის მიოკარდის ინფარქტისა და ინსულტების განვითარების ალბათობას, ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს.





თირკმლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად:

  • იყავით ფიზიკურად აქტიური;
  • იკვებეთ ჯანსაღად, შეამცირეთ მარილის მიღება;
  • არ მოწიოთ;
  • აკონტროლეთ სხეულის წონა
  • ყოველდღიურად მიიღეთ 1.5.-2 ლ. წყალი. ეს თირკმელს ეხმარება მარილის, შარდისა და ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში;
  • ნუ მიიღებთ მედიკამენტებს გადაჭარბებულად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე;
  • გააკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე.
  • გააკონტროლეთ სისხლის წნევა;



გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოყენებული წყაროები:
https://www.worldkidneyday.org/2022-campaign/
http://kidney.niddk.nih.gov/kudiseases/pubs/kustats/