Logo

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმერთელობის ეროვნული ცენტრის მიმართვა თამბაქოს ინდუსტრიას

title

ახალი კორონავირუსის პანდემიის გლობალური და ეროვნული კრიზისიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის უწყებების საქმიანობის ძირითადი ფოკუსია ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწრაფი და ეფექტიანი საპასუხო ღონისძიებების გატარება. აღნიშნული გამოწვევის დაძლევაში დიდია ფიზიკური პირებისა და ბიზნესის მხრიდან ფულადი თუ სხვა კონტრიბუციები, რისთვისაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უღრმეს მადლობას უხდის თითოეულ მათგანს. 

საქართველოს კანონმდებლობით, არცერთ ლეგალურ ბიზნესს არ ეკრძალება ქველმოქმედება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თამბაქოს ინდუსტრია წარმოადგენს ისეთ ბიზნესს, რომლის საქმიანობა ადამიანის ჯანრთელობასა და კეთილდღეობასთან შეუთავსებელია, მათ მიერ გაკეთებული შემოწირულობები, რათა არ მიეცეს რეკლამირებისა და სპონსორობის სახე, მკაცრად რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით (საქართველოს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, საქართველოს კანონო მაუწყებლის შესახებ).

სამწუხაროდ, დაფიქსირდა თამბაქოს კომპანიებისა და მათი წარმომადგენელების მხრიდან, ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდით სარგებლობისა და მათი მხრიდან სპონსორობისა და რეკლამირების უკანონო ფაქტები. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით ვაცხადებთ, რომ თამბაქოს ინდუსტრია მისი საქმიანობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მიზნებთან სრულად შეუთავსებელია, შესაბამისად ჩვენთვის ნებისმიერ სიტუაციაში მიუღებელია ამ ინდუსტრიასთან რაიმე სახით თანამშრომლობა და/ან კომუნიკაცია, გარდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კონტაქტისა, გამჭვირვალობის შესაბამისი წესის დაცვით. 

მოვუწოდებთ თამბაქოს კომპანიებს, ნუ გამოიყენებებ ბოროტად ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ნუ დაარღვევენ კანონს!

  • საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება 

  • საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული მთლიანი ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი დაახლოებით 825 მილიონ ლარს უტოლდება (მშპ 2.43%) 

  • თამბაქოს მომხარებლებში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მაღალია დაავადების მძიმე ფორმით განვითარების რისკი