Logo

შეინარჩუნე სიგრილე ზაფხულში და დაიცავი შენი ჯანმრთელობა

title

ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი ახორციელებს 2021 წლის კამპანიას #შეინარჩუნესიგრილე (#KeepCool), რომლის მიზანია ზოგადი მოსახლეობის და გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა მაღალი ტემპერატურის დროს და როგორც მოვახდინოთ მომატებული ტემპერატურისადმი ადაპტაცია მომავალში.  

ადამიანების უმრავლესობა სიხარულით ელოდება ზაფხულის დადგომას, თუმცა,  მომატებული ტემპერატურა და პოტენციური თბური ტალღები შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ჯანმრთელობისთვის.

სითბური სტრესი ამინდთან დაკავშირებული სიკვდილის ძირითადი მიზეზია. მან შესაძლოა გაამწვავოს ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ფსიქოლოგიური დისტრესი და ასთმა, იგი ასევე ზრდის საგზაო შემთხვევების და ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს.

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებული რისკების სწორად აღქმის და გათვალიწინების შემთხვევაში,  მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და ჯანმრთელობის  შენარჩუნება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეკომენდაციები, და აგრეთვე, COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები.

 

მიიჩნევა, რომ 2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იყო

გლობალურად, 2020 წელი ერთერთია 3 ყველაზე ცხელ პერიოდად დასახელებულ წლებში. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) თანახმად, 2011-2020 წწ. ყველაზე ცხელი ათწლეული იყო. ყოველწლიური გლობალური  პროგნოზის მიხედვით, 2021 წელიც ყველაზე ცხელი წლების სიაში შევა.

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით მზარდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კლიმატის ცვლილებების გამო განიცდიან ექსტრემალური სიცხის უარყოფით ზეგავლენას.   

გლობალურად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში მაღალი ტემპერტურით გამოწვეული სიკვდილიანობა თითქმის გაორმაგდა, 2018 წელს ამ მიზეზით დაახლოებით 300 000 ადამიანი გარდაიცვალა.

 ჯანმოს ევროპის რეგიონის მონაცემებით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობა 30%–ით გაიზარდა იმავე 20-წლიან პერიოდში. არსებული პროგნოზების მიხედვით, რეგიონის მასშტაბით გაიზრდება სითბური სტრესის მაღალი დონის დღეების რაოდენობა. სიცხის უარყოფითი ზემოქმედება მნიშვნელოვნად გაიზრდება კლიმატის ცვლილების, ურბანიზაციისა და დაბერების პროცესის ერთპობლივი ზემოქმედების შედეგად.

 

ჯანმრთელობა და კლიმატის ცვლილება

მაღალი ტემპერატურის ფატალური ზეგავლენა გაცილებით ნაკლებმასშტაბური იქნებოდა, თუ გლობალური ტემპერატურის ზრდა შემცირდებოდა 2°C-მდე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილისა და დაავადებების პრევენციას. ადაპტაციის მაღალი დონის გარეშე, კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული დაავადებების ტვირთს.

პრობლემის აქტუალიზაციის მიზნით, 2021 წლის ნოემბერში, გაეროს კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ 26-ე კონფერენციაზე გლაზგოში (გაერთიანებული სამეფო) ჯანმო წარადგენს სპეციალურ ანგარიშს.

ანგარიში შეგვახსენებს, რომ კლიმატის ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და ჯანდაცვის სექტორმა უნდა შეასრულოს ლიდერის როლი  კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ადვოკატირების პროცესში.

ახალი მტკიცებულებებით, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა ჯანმოს ევროპის რეგიონის მიერ, ხაზგასმულია მაღალი ტეპმპერატურისა და ჯანმრთელობის ერთობლივი სამოქმედო გეგმების შემუშავების საჭიროება.  

სამოქმედო გეგმები ხელს შეწყობს მაღალი ტემპერატურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას და მათზე რეაგირებას, რაც, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს გრძელვადიან პრევენციულ, საშუალოვადიან მომზადებისა და მოკლევადიან საგანგებო ღონისძიებებს.

მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციით შესაძლებელია მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული დაავადებათა ტვირთის შემცირება. მოსახლეობის, განსაკუთრებით კი  მოწყვლადი ჯგუფების, მიერ მოსალოდნელი  რისკების სწორად აღქმა საკმაოდ ამცირებს მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს.

2021 წლის კამპანია #შეინარჩუნესიგრილე #KeepCool  კამპანია 2021 წელი

რისკის კომუნიკაცია, ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი სტრატეგიების ადვოკატირება ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის  ამაღლებას, ცხელ ამინდში ჯანმრთელობისათვის საშიში რისკების შემცირებას და მოსახლეობის  ადაპტირებას  მომავალში.

ჯანმოს ევროპის რეგონის ოფისის ყოველწლიური #KeepCool კამპანია მოკლე საინფორმაციო ვიდეორგოლებისა და საინფორმაციო ბუკლეტების მეშვეობით ავრცელებს შესაბამის ინფორმაციას, როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან, როგორ გავაძლიეროთ შესაძლებლობები და როგორ დავგეგმოთ ეფექტური ინტერვენციები ჯანდაცვის სისტემის ტვირთის შესამცირებლად. 

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში.  

 

დაიცავი საკუთარი თავი სიცხისგან

·         მოერიდეთ გარეთ გასვლას და ინტენსიურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

·         დარჩით ჩრდილში და,  თუ  შესაძლებელია, გაატარეთ დღის 2-3 საათი გრილ ადგილას COVID-19-ის რეგულაციების დაცვით.

·         შეეხმიანეთ  ოჯახის წევრებს, მეგობრებს  და მეზობლებს , რომლებიც დროის დიდ ნაწილს მარტო ატარებენ.

·         შეინარჩუნეთ სიგრილე სახლში.

·         გამოიყენეთ საღამოს საათები სახლის გასაგრილებლად

   შეამცირეთ სახლში  სითბური  დატვირთვა  დღის განმავლობაში; გამოიყენეთ ჟალუზები/ფარდები

·        შეინარჩუნეთ ორგანიზმის სიგრილე და ტენიანობა.

·        გამოიყენეთ მსუბუქი, თავისუფალი და ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსი და თეთრეული.

·        მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა.

·        რეგულარულად მიიღეთ წყალი და მოერიდეთ შაქრიანი, ალკოჰოლური, კოფეინიანი და გაზიანი სასმელების მიღებას.

·      შეინარჩუნეთ სიგრილე  COVID-19-ის დროს. ზოგიერთი ადამიანი მოწყვლადია როგორც მაღალი ტემპერატურის, ასევე  COVID-19-ის გართულებების მიმართ. მნიშვნელოვანია ასეთი მოწყვლადი ჯგუფების დახმარება ზაფხულის ცხელ დღეებში. თუ იცით თქვენს გარშემო ადამიანები, ვისაც დახმარება ესაჭიროება და რისკის ქვეშაა, გამოიჩინეთ გულისხმიერება და დახმარეთ მათ.[i]