title
2018
წლის 18 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ევროკომისიის
ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX), ევროკავშირის ექსპერტების (ესპანეთი, ხორვატია)
მისიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე
ევროკავშირის დირექტივებთან სისხლის
უსაფრთხოების რეგულაციების ჰარმონიზაცია
ღონისძიებაში
მონაწილეობას მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სამედიცინო საქმიანობის
რეგულირების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრის და საქართველოში აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელმა პირებმა.
ასევე, სისხლის ბანკების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.
შეხვედრა
მიეძღვნა სისხლის უსაფრთხოების სფეროში, საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დირექტივების დეტალურ
განხილვას, ასევე, ინტერაქტიულ ფორმატში ინფორმაციის გაზიარებას სისხლის კომპონენტების
წარმოების სტანდარტებზე, სისხლის ბანკების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებზე, ევროპის
ქვეყნებში სისხლის ტრანსფუზიის სამსახურების ორგანიზაციულ მოდელებზე და ხარისხის გარე
კონტროლის პროგრამებზე. მისიის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები და ექსპერტების
მიერ მომზადდება რეკომენდაციები საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის სალიცენზიო
მოთხოვნების განახლების და საქართველოში სისხლის სამსახურის ორგანიზაციული მოწყობის
საკითხებზე.
სისხლის
გადასხმას ყოველწლიურად შეუძლია მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და სიცოცხლისათვის
საშიშ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
სისხლის გადასხმა ხშირად გამოიყენება კომპლექსური სამედიცინო პროცედურების, ქირურგიული
ოპერაციების და ტრავმული დაზიანებების დროს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,
ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 112,5 მილიონი სისხლის ერთეული გროვდება. აქედან,
თითქმის 47% მოდის მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის
19%-ზე ნაკლები ცხოვრობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, უზრუნველყონ
სისხლისა და სისხლის პროდუქტების საკმარისი მარაგები და მათი უსაფრთხოება აივ ინფექციის,
ჰეპატიტების ვირუსების და ტრანსფუზიის გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან.
საქართველოში,
სისხლისა და სისხლის კომპონენტების უსაფრთხოება წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ
პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის მიზანია სისხლის უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის
უზრუნველყოფა, სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობა, პაციენტების საჭიროების ადეკვატური
დაკმაყოფილება და ეთიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებზე დაფუძნებული უსაფრთხო
სისხლის მდგრადი პოლიტიკის განხორციელება. თუმცა, ამ მიმართულებით არსებობს რიგი გამოწვევები,
რაც უკავშირდება უპირატესად ანაზღაურებადი დონაციების პრაქტიკას და სისხლის წარმოების
ხარისხსთან დაკავშრებულ პრობლემებს. საყურადღებოა, რომ 2015 წელს დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აშშ დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრების მიერ ჩატარებული სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგების
მიხედვით, C ჰეპატიტის გავრცელების რისკ-ფაქტორებიდან, სისხლის გადასხმა გამოიკვეთა
როგორც სტატისტიკურად ყვლაზე სარწმუნო რისკ-ფაქტორი ნარკოტიკების ინექციური მოხმარების
შემდეგ (კვლევის პოპულაციაში, C ჰეპატიტზე დადებითი ანტისხეულების მქონე პირთა
21,4%-მა აღნიშნა სისხლის გადასხმის ეპიზოდი ცხოვრებაში სულ მცირედ ერთხელ). აღსანიშნავია
ისიც, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სისხლის დონაციებში C ჰეპატიტის
პრევალენტობა მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში შეადგენს 0,02%-ს, მაშინ, როდესაც
საქართველოში, 2018 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, C ჰეპატიტის პრევალენტობა სისხლის
დონაციებში 0,3%-ს აღწევს.
ტრანსფუზიით
გადამდები ინფექციების პრევენციის და სისხლის კომპონენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზნით, ქვეყანაში 1997 წლიდან მოქმედებს „უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის
ადმინისტრირებას 2011 წლიდან ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია დონორული სისხლის
კვლევა აივ ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე და სიფილისზე, ასევე, სისხლის ბანკების
ხარისხის გარე კონტროლი და უანგარო დონაციების პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.
ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №1704 განკარგულებით,
„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიაში“ ცალკე
თავი მიეძღვნა უსაფრთხო სისხლის სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს სისხლის უსაფრთხოების
სფეროს ძირეულ რეფორმირებას, სისხლის უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის
ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციას, სისხლის წარმოების თანამედროვე სტანდარტების
დანერგვას და უანგარო დონაციების სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას.