Logo

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

title

1 ივნისს  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე  1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა კონკრეტული თარიღის გარეშე. კონფერენციის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი დღის დაარსება. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის ზრუნვა. მილიონობით ბავშვი მთელ მსოფლიოში ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. მათი ოჯახების შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია.  ბავშვები ხშირად რჩებიან მედიცინის, განათლების, სუფთა წყლისა და თავშესაფარის გარეშე. ბევრი მათგანი, სიყვარულს და შესაძლებლობებს მოკლებულნი, დაუცველები და დაჩაგრულები არიან. სიღარიბეში დაბადებული ბავშვების სიკვდილიანობის შემთხვევები ხშირია როგორც ნეონატალურ, ასევე  5 წლამდე ასაკში.

მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულ იქნა „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი განახევრდა. გაძლიერდა ძალისხმევა ბავშვთა დისკრიმინაციის, უთანასწორობის, ძალადობის და მალნუტრიციის შესამცირებლად, ჯანმრთელობის, განათლების და სხვა სერვისების გასაუმჯობესებლად.

მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერება კონვენციის შესაბამისად, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩნენ მოწყვლადი ჯგუფები, მ.შ.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აგრესიის მსხვერპლი და სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს  განათლების, სრულფასოვანი კვების, სამედიცინო და სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მომავალ თაობაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის განუყოფელ ნაწილს  წარმოადგენს.

#ყველაბავშვისთვის

ბავშვის უფლებათა კონვენციები:

ბავშვის განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალიწინებულია  ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით) ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით); აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზირებული დაწესებულებებისა და საერთაშიროსო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.

ბავშვის უფლებათა კონვენცია საერთაშორისო დონეზე ბავშვის უფლებების პირველი კრებულია და სავალდებულოა ეს უფლებები გარანტირებული იყოს თითოეული ბავშვისთვის. თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო კონვენცია: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული.

კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან და ის აყალიბებს ბავშვთა კეთილდღეობის მინიმალურ სტანდარტებს მათი განვითარების თითოეული ეტაპისთვის. დოკუმენტი 18 წლამდე ყველა ადამიანს ეხება (ბავშვის განსაზღვრების მიხედვით) სქესის, წარმომავლობის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

 

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა მოსახლეობის განვითარებისთვის პრიორიტეტული საკითხია. მან მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა ათასწლეულის განვითარების მიზნებში, რომელიც შემუშავებულ იქნა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

სიტუაციური მიმოხილვა - საქართველო

გლობალურად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 53%-ით. იმავე პერიოდში, ხუთ წლამდე ასაკში ყოველწლიურად გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა 12.7 მილიონიდან 5.9 მილიონამდე შემცირდა. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს გარდაცვლილთა შორის დღენაკლ ჩვილთა წილი 71% -დან 62%-მდე შემცირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად ნეონატალური სიკვდილიანობის წილი 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობაში 45%-ს შეადგენს. 2020 წელს საქართველოში ნეონატალური სიკვდილიანობის წილმა 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 55.3% შეადგინა. პერინატალური სიკვდილიანობა 1000 დაბადებულზე 2020 წლისთვის 13.0-მდე შემცირდა (17.4 -დან 2010 წ. მონაცემით); საგრძნობლად შემცირდა ნეონატალური სიკვდილიანობა 1000 ცოცხალშობილზე 0-დან 28 დღემდე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური მონაცემებით, 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებზე 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევების თითქმის 75% მოდის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს ეს წილი 84%-ს შეადგენდა (2018 წელს - 83.4%). ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა წყაროს მონაცემებით კლების დინამიკით ხასიათდება.

2020 წელს 0-1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის სტრუქტურაში 72%-ს პერინატალური პერიოდის ავადმყოფობები შეადგენდა (2019 წელს - 69.5%).

საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ათასწლეულის განვითარების მიზანს (სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირება 1990-2015 წლებში) მიაღწია, როგორც ოფიციალური სტატისტიკის, ასევე საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებების (ბავშვთა სიკვდილიანობის შეფასების გაეროს სააგენტოთაშორისი ჯგუფი - IGME) და ფართომასშტაბიანი კვლევების (რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა - Georgian Reproductive Health Survey GERHS, ავადობის გლობალური ტვირთის კვლევა - აგტკ (Global Burden of Disease Study – GBD) მონაცემებით. მნიშვნელოვანია, რომ GBD-ის და IGME-ს შეფასებები გლობალურ და რეგიონალურ დონეზე თითქმის გათანაბრდა, თანხვედრამ 98%-ს მიაღწია.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები:

2013 წელის 28 თებერვლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო  პროგრამა. პროგრამა სრულად აფინანსებს 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო საჭირეობებს. პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.

ქვეყანაში ასევე ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის  ისეთი  პროგრამები,  როგორიცაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, იმუნიზაცია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა და ა. შ. აღნიშნული პროგრამები ასევე ემსახურება დედათა და ბავშვთა ჯანრმთელობის გაუმჯობესებას.

არსებული დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის გზით.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს: ანტენატალური მეთვალყურეობა; გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა; ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენცია; ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე; ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა; გარკვეული მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყანაში „ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის რეგისტრის“, ე.წ. „დაბადების რეგისტრის“ დანერგვა - 2016 წ. საქართველოში შეიქმნა აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი დაბადებიდან კლინიკიდან გაწერამდე. დაბადების რეგისტრში ჩართულია ყველა ანტენატალური და სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ქვეყნის მასშტაბით. მასში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია აბორტის შესახებ. დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მონაცემთა ანალიზი 2017 წლიდან დაბადების რეგისტრზე დაყრდნობით ხორციელდება. დედათა და ახალშობილთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნეონატთა სიკვდილის შემცირება წარმოადგენს.

ქვეყანაში ხორციელდება „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს 1-დან 6 წლამდე ბავშვთა მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების პრევენ­ცია; სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი, რაც მოიცავს, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე; ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველოა, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას, ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის გაღრმავებულ კვლევებს.

 

 

www.unicef.org/georgia/ka