Logo

ერთად დავამარცხოთ წითელა

title

2019 წელი - მთელს მსოფლიოს დაამახსოვრებს თავს, როგორც წითელას უჩვეულოდ ფართოდ გავრცელების წელი. ეს პროცესი მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში 2017-2018 წლებიდან დაიწყო და გავრცელდა ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებშიც, სადაც დაანონსებული იყო წითელას ადგილობრივი გადაცემის ელიმინაცია ან მდგრადი შეწყვეტა (24 თვეზე მეტი). გამონაკლისი არც ევროპის რეგიონი და მ.შ. საქართველოა. ევროპის რეგიონი 2019 წლის 6 თვეში წითელას 89 994 შემთხვევას ითვლის. რაც შეეხება საქართველოს, 2019 წლის იმავე პერიოდში 3874 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, ხოლო 6 სექტემრის მდგომარეობით - 3910. მ.შ ლეტელურად დასრულდა - 2. დაავადების გავრცელების მახასიათებლები ქვეყანაში ზოგადად, არ განსხვავდება მსოფლიო და ევროპის ტენდენციისგან, თუმცა აქვს თავისი, ქვეყნისთვის სპეციფიკური, გამომწვევი მიზეზები.
1990-იანი წლებში შედარებით სუსტი იმუნიზაციის პროგრამის, 2008 წელს ორგანიზებული მასიური იმუნიზაციის კამპანიის არაეფექტურად განხორციელების (აიცრა სამიზნე კონტიგენტის მხოლოდ 50%) შედეგებს დღემდე ვიმკით. არაიმუნური ფენა ძირითადად დაგროვილია 20-40 წლის მოსახლეობაში, რომელიც გახდა კიდეც წითელათი დაავადების გავრცელების სამიზნე.
წითელას აფეთქების პირველი ტალღა 21-ე საუკუნეში გვქონდა 2004-2005 წლებში, როდესაც აღირიცხა დაავადების 8391 შემთხვევა, უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში. ლეტალურად დასრულდა 9 შემთხვევა.
2008 წელს ჩატარდა წითელას აცრების მასობრივი კამპანია, რომლის ფარგლებში აიცრა 6-27 წლის ასაკის ნახევარ მილიონამდე ადამიანი, მილიონის ნაცვლად, რაც მასმედიაში აგორებული ანტივაქცინური კომპანიის შედეგი იყო.
ყოველივე ამან განაპირობა 2013-2015 წლების შემდეგი დიდი აფეთქება, როცა დაავადდა 11 ათასზე მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა.
აფეთქების კუპირების მიზნით, წწყ ვაქცინის დამატებითი დოზა მიეწოდა 200 000 არასრულად აცრილ, არავაქცინირებულ და უცნობი სტატუსის მქონე მოქალაქეს. პარალელურად ტარდებოდა ვაქცინაცია 1 და 5 წლის ასაკში. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა წითელას გავრცელების შეკავება და 2016 წლისათვის შემთხვევათა რიცხვი ერთეულებამდე დავიდა (სულ 14).
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესში აღინიშნა გარკვეული წარმატებები, გეგმიური იმუნიზაციით მოცვა, განსაკუთრებით მე-2 დოზით 5 წლის ასაკში, მაინც რჩება გამოწვევად. ყურადსაღებია ვაქცინაციით არასათანოდო მოცვა დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში და ქუთაისში. 2017 წლის ბოლოდან კვლავ დაიწყო წითელას გავრცელების ინტენსივობის მატება, ისევ დაიწყო ეპიდაფეთქებები ჯერ გურიაში, შემდეგ კი აჭარაში. 2018 წლიდან კი დაიწყო წითელას შემთხვევების საყოველთაო გავრცელება, მოიცვა მთელი საქართველო და მხოლოდ 2019 წლის მე-6 თვისთვის გადავიდა დაღმავალ ფაზაში.
საქართველოში მხოლოდ 2019 წელს, წითელათი დაავადებულთა თითქმის ნახევარი (47%-ზე მეტი) 20-40 წლის ასაკის მოქალაქეა, რომელიც ყველაზე აქტიურია ცხოვრების ნირით. შესაბამისად, სწორედ ეს ასაკი გახდა ერთის მხრივ დაავადების სამიზნე და მეორეს მხრივ მისი გავრცელების წყარო, რომელთაგანაც ავადდებიან მცირე ასაკის ბავშვები და წლამდე ასაკში ავადობის მაჩვენებელი 8-ჯერ აღემატება ზოგად მაჩვენებელს. 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც წლიურად, საშუალოდ 53-55 ათასიანიანი კოჰორტაა და არც აცრას ექვემდებარება - არამარტო არაიმუნური, არამედ ყველაზე მოწყვლადიც არის წითელათი დაავადებისას და მისი შემდგომი გართულებების თვალსაზრისით. ამ ბავშვების დაცვა წითელასგან საზოგადოების ვალია!
2019 წლის დასაწყისშივე მთავრობის მიერ შემუშავდა სპეციალური განკარგულება „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ (N16, 18 იანვარი 2019 წ) - განკარგულების კვალდაკვალ მთელს ქვეყანაში დაიწყო მოსახლეობის დამატებითი ვაქცინაცია. და წლისა და 5 წლის 65 000-ზე მეტი ბავშვის გარდა, კიდევ 150 000 მოზრდილი აიცრა. შედეგად - წითელას შემთხვევებმა მკვეთრად იკლო, თუმცა წითელა არსად გამქრალა. ყოველკვირეულად 5-10 ჩვენი მოქალაქე ისევ ხდება ავად წითელათი და თუ აცრების საშუალებით ჩვენ სრულიად არ გავაჩერებთ წითელას - კვლავ მოსალოდნელია აქტიური გავრცელება, თუ ეხლა არა - რამდენიმე წელში!
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზრდილი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის საკუთარი აცრის სტატუსი და ეს შეფასების თვალსაზრისით, აუცრელობის ტოლფასია.
წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება - ვაქცინაციაა. მხოლოდ ვაქცინაცია უზრუნველყოფს წითელასგან დაცვას და სამწუხაროდ რაიმე სხვა სამედიცინო ან არასამედიცინო საშუალება ამ დაავადებასთან მიმართებაში უეფექტოა.
აუცილებელია გახსოვდეთ
· ნებისმიერი ასაკის ადამიანის უფასო ვაქცინაციას წითელას წინააღმდეგ უზრუნველყოფს სახელმწიფო.
· თუ ხართ 1978 წლის შემდგომ დაბადებული, დღესვე გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და თუ ერთხელ მაინც არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო თქვენს შვილებს არ ჩატარებიათ გეგმიური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად!
· ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლებში, გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის სტატუსი და აცერით აცრაგამორჩენილი ბავშვები!
· ჯანმრთელობის დაცვის, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო - სააღმზრდელო, პენიტენციურ, თავდაცვის, უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროში დასაქმებული 1978 წლის შემდგომ დაბადებული მოქალაქე - სავალდებულოდ უნდა აიცრას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით!
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით შესყიდულია მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა.

წითელას შემთხვევები საქართველოში

ბრძანება - სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე