Logo

დიაბეტის მსოფლიო დღე

title

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. ეს დღე გვახსენებს, რომ გავრცელების ზრდის ტემპის გათვალისწინებით, დიაბეტი და მასთან დაკავშირებული შედეგები გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.  დიაბეტი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და მსოფლიოში თითქმის ნახევარი მილიარდი ადამიანია რეგისტრირებული.


შაქრიანი დიაბეტის გართულებები შესაძლებლობების შეზღუდვის, სიკვდილიანობის და სიცოცხლის ხარისხის გაუარესების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

დიაბეტის მსოფლიო დღის 2021-23 წლების თემაა: „ხელმისაწვდომობა სერვისებზე – ახლა თუ არა, როდის?“. ეს გზავნილი მოგვიწოდებს, რომ დიაბეტის მქონე პირებს დროულად და ხარისხიანად გაეწიოს დახმარება! მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება დიაბეტისა და მეტაბოლური დარღვევების შესახებ, სისხლში გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში კვების და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებითა და შესაბამისი პრევენციით, სკრინინგითა და მკურნალობით.

სახელმწიფო ახორციელებს დიაბეტის მართვის პროგრამას, რომლის მიზანია დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.