title
24-25 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის (TAG) მეორე შეხვედრა. პირველი მსგავსი შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და შეიმუშავეს რეკომენდაციები ელიმინაციის გრძელვადიან სტრატეგიასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წელს შეხვედრაზე მოხდება გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების წარდგენა და განხილვა, დისკუსია C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიისა და მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს შესახებ, ასევე მომავალი წლისთვის პრიორიტეტული ღონისძიებების მიმოხილვა, არსებული ბარიერების გადალახვის გზებზე მსჯელობა და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობისა და რესურსების მობილიზების მექანიზმების განხილვა. ორდღიანი შეხვედრის ბოლოს მრჩეველთა ჯგუფის წევრები წარმოადგენენ რეკომენდაციებს ელიმინაციის სტრატეგიის თითოეული კომპონენტის მიხედვით (ცნობიერების ამაღლება, პრევენცია, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სკრინინგი, მოვლა და მკურნალობა, ეპიდზედამხედველობა).
მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ამერიკის CDC-ის ვირუსული ჰეპატიტების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი ჯონ ვორდი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ელიმინაციის პროგრამის სხვადასხვა კომპონენტების შესაბამისი სფეროების (უსაფრთხო სისხლი, ზიანის შემცირება, ინფექციური კონტროლი, მკურნალობა, დიაგნოსტიკა და სხვა) ექსპერტები აშშ-დან, ავსტრალიიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა იმართება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამერიკის დაავადების კონტროლის ცენტრებისა და ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ ორგანიზებით.