Logo

წითელას გავრცელება საქართველოში

title

წითელა, ვაქცინით მართვადი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის ელიმინირება უკვე შეძლო ამერიკის კონტინენტმა. ევროპის რეგიონის მიზანია, მომავალ ათწლეულში მიაღწიოს იგივეს. მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა - მოსახლეობის სრული იმუნიზაციაა. იმ ქვეყნებსა და ტერიტორებზე სადაც სრული მოსახლეობის 95%-ზე მეტი არაა იმუნური, ადრე თუ გვიან იწყება წითელას გავრცელება.
ამგვარი რეალობის წინაშე აღმოჩნდა საქართველოც. კერძოდ, 1990-იანი წლებში შედარებით სუსტი იმუნიზაციის პროგრამის, 2008 წელს ორგანიზებული მასიური იმუნიზაციის კამპანიის არაეფექტურად განხორციელების (აიცრა სამიზნე კონტიგენტის მხოლოდ 50%) შედეგებს დღემდე ვიმკით და არაიმუნური ფენა ძირითადად დაგროვილია 20-40 წლის მოსახლეობაში, რომელიც გახდა კიდეც წითელათი დაავადების გავრცელების სამიზნე.
წითელას აფეთქების პირველი ტალღა 21-ე საუკუნეში გვქონდა 2004-2005 წლებში, როდესაც აღირიცხა დაავადების 8391 შემთხვევა, უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში და ლეტალურად დასრულდა 9 შემთხვევა.
2008 წელს ჩატარდა წითელას აცრების მასობრივი კამპანია, რომლის ფარგლებში აიცრა 6-27 წლის ასაკის ნახევარ მილიონამდე ადამიანი, მილიონის ნაცვლად.
წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 ათასზე მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა წითელას გავრცელების შეკავება და 2016 წლისათვის შემთხვევათა რიცხვი ერთეულებამდე დავიდა (სულ 14).
2017 წლის ბოლოდან კვლავ დაიწყო წითელას გავრცელების ინტენსივობის მატება, რომლის შეჩერების მიზნით გატარებული ღონისძიებებით (გეგმიური წითელას ვაქცინის პირველი დოზით აიცრა სამიზნე პოპულაციის - 1 წლის ასაკის ბავშვთა 98,8%, ხოლო მეორე დოზით - 5 წლის ბავშვთა - 95,5%; დამატებით აიცრა 46 000-ზე მეტი ადამიანი) მოხერხდა ტემპის დროებითი შენელება 2018 წლის შუა პერიოდისთვის. 2018 წლის დასასრულიდან წითელას გავრცელება კვლავ ინტენსიური გახდა და ამჟამად, სახეზე გვაქვს ფართო გავრცელების ეპიდაფეთქება, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ეპიდემიაში, საერთაშორისო გავრცელების რეალური რისკით.
პროცესები იგივენაირად განვითარდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც 2017 წელს დაფიქსირდა დაავადების 41 000 და გარდაცვალების 37 შემთხვევა. 2016 წლიდან ევროკავშირი არეგისტრირებს წითელასთან ასოცირებული სიკვდილის 57 შემთხვევას.
2019 წლის განვლილ პერიოდში უკვე დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი, მ.შ. 53%-ზე მეტი 20-40 წლის ასაკშია. დაავადებულთა 58%-ზე მეტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. შემთხვევები ძირითადად კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.
პროცესების მართვისა და კოორდინაციის მიზნით უკვე მომზადებულია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთთანამშრომლობით, მაქსიმალურ ძალისხმევათა განხორციელებას, რათა საქართველოს თითოეულ აუცრელ (არაიმუნიზირებულ) მოქალაქეს ჩაუტარდეს წითელას საწინააღმდეგო აცრები, რომელსაც სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო. პროცესის შეკავების სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
ამასთან, ქვეყანაში არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის ადექვატური მარაგი და მომსახურება მოქალაქეებს მიეწოდებათ უფასოდ.
ძირითადი გზავნილები:
- წითელას გავრცელება საქართველოში კვლავ მნიშვნელოვანია.
- ისევე როგორც ევროპაში, ჩვენთანაც 2017 წლის ბოლოდან დაიწყო და გრძელდება წითელას შემთხვევათა მატება.
- ევროპის რეგიონში დაფიქსირდა დაავადების 41 000 და გარდაცვალების 37 შემთხვევა.
- წითელა კლავს!
- რაოდენობრივად ყველაზე ბევრი შემთხვევა გვხვდება 20-40 წლის ასაკში;
- დაავადების გავრცელება ყველაზე მაღალი 1 წლამდე ასაკის ბავშვებშია, ეს ასაკი ყველაზე უფრო მოწყვლადია წითელას გართულებების თვალსაზრისით. 1 წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე დაუცველნი არიან წითელას მიმართ! მათი დაცვა წითელასგან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებაში მაღალი იქნება ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, რაც შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას!
- თუ გსურთ იხსნათ წლამდე ასაკის ბავშვთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა - იგრძენით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩაიტარეთ ვაქცინაცია მათმა მშობლებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა, ექიმებმა, მეზობლებმა, უბრალოდ თანამოქალაქეებმა!
- საზოგადოებაში წითელას მიმართ იმუნური ფენის შექმნის მიზნით აუცილებელია, რომ გარდა ბავშვებისა, მოზრდილი მოსახლეობაც ერთხელ მაინც იყოს აცრილი წითელას კომპონენტიანი ვაქცინით.
- წითელას შემთხვევები მაღალია 1- 4 წლის არავაქცინირებულ ბავშვებში. გადაამოწმეთ თქვენი შვილის აცრის სტატუსი და ჩაუტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინით!
- მოზრდილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის როგორია მისი აცრის სატატუსი წითელას მიმართ, ანუ არ იცის აცრილია თუ არა სიცოცხლეში ოდესმე.
- ქვეყანაში ჩატარებულმა უახლოესმა კვლევამ აჩვენა, რომ 20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს არ აქვს იმუნიტეტი წითელას მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჩატარებია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სიცოცხლის მანძილზე. სწორედ ეს ადამიანები ავადებიან წითელათი ყველაზე ხშირად და საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ასევე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!
- გახსოვდეთ, წითელა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს! დაიცავით თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი მომავალი დედები ამ დაავადებისაგან. წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება - ვაქცინაციაა! გაითვალისწინეთ, მინიმალური რეკომენდებული ინტერვალი ჩატარებულ აცრასა და ორსულობას შორის არის 3 თვე.
- მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
- დღესვე გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და თუ ერთხელ მაინც არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო თქვენს შვილებს არ ჩატარებიათ გეგმიური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით - დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად