Logo

ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28 ივლისი

title

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად C ჰეპატიტის ახალ კამპანიას  „STOP C“ დაიწყო. 

კამპანია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 3 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ასევე წარმოდგენილი იყო ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.