Logo

თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევა

title

„FCTC 2030-საქართველოს“ პროექტს ქართული მხარე და კონვენციის სამდივნო დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის მთავრობების მიერ მიღებული ფინანსური დახმარებითა და გაეროს განვითარების პროგრამასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის წევრ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში კონვენციის განხორციელების გაძლიერების გზით. პროექტის ხანგრძლივობაა 2017 – 2021 წლები. 
პროექტის ფარგლებში შერჩეული ქვეყნების მთავრობებს აღმოუჩნდებათ დახმარება: კონვენციის მე-5 მუხლის განხორციელებაში, თამბაქოს კონტროლის მმართველობის გაუმჯობესება და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის თამბაქოს ინდუსტრიის კომერციული და სხვა ტიპის ინტერესებისგან დაცვაში; თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების გაძლიერებაში; კონვენციის დროში გაწერილი მუხლების განხორციელებაში (თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობის და პოპულარიზაციის სრული აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ეფექტური სამედიცინო გაფრთხილებები, თამბაქოს მეორადი კვამლისგან თავისუფალი სამუშაო და საზოგადოების თავშეყრის ადგილები); ეროვნული პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრული კონვენციის სხვა მუხლების აღსრულებაში; კონვენციის როგორც 2030 მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ნაწილის აღსრულების ხელშეწყობა, კონვენციის საკითხის ჩართვა ერონვულ ჯანმრთელობის და განვითარების გეგმებში. 
„FCTC 2030-საქართველო“ პროექტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის სხვა უწყებების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა შეფასება ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევა“ (investment case).   „საინვესტიციო შემთხვევა“ გულისხმობს გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტებისა და გაეროს ქვეყნის გუნდის მონაწილეობით ქვეყნის დონეზე მონაცემების შეგროვებას და თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის განსაზღვრას, მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ფარგლებში პრიორიტეტული ინტერვენციების განხორციელების უპირატესობების გამოვლენას, ისევე როგორც უმოქმედობის ხარჯის შეფასებას. საინვესტიციო შემთხვევის ფარგლებში მოხდა ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალის შეფასება და დანაზოგების გათვლა, რასაც ქვეყანა გააკეთებს თუკი სრულყოფილად განახორციელებს ჩარჩო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული საინვესტიციო შემთხვევა, პირველია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მიმართულებით. 
საქართველოში თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები გაკეთდა ქვეყანაში არსებულ და საერთაშორისო კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით.  პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯებისა და არაპირდაპირმა დანახარჯების (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები)  ჯამური მაჩვენებელია 824.9 მილიონი ლარი, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს.  
საინვესტიციო შემთხვევით გაკეთდა გათვლები თუ რამდენად გაიზრდება ეს დანახარჯები 15 წლის მანძილზე უმოქმედობის შემთხვევაში და რა ეკონომიკურ დანაზოგს გააკეთებს ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ სრულყოფილად განახორციელებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ოთხ პრიორიტეტულ ღონისძიებას: თამბაქოზე გადასახადების გაზრდა, თამბაქოს მეორადი კვამლისგან თავისუფალი პოლიტიკის დანერგვა, თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის სრული აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ეფექტური სამედიცინო გაფრთხილებების დატანა.
საინვესტიციო შემთხვევა აჩვენებს, რომ თამბქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხორციელების გაძლიერება დაახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებასთან, და ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.