Logo

გაეროს ბავშვთა ფონდმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ცივი ჯაჭვის აღჭურვილობას გადასცეს სოფლების პირველადი ჯანდაცვის კლინიკებს საქართველოს მასშტაბით ვაქცინის მიწოდების გასაუმჯობესებლად

title გაეროს ბავშვთა ფონდმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ცივი ჯაჭვის აღჭურვილობას გადასცეს სოფლების პირველადი ჯანდაცვის კლინიკებს საქართველოს მასშტაბით ვაქცინის მიწოდების გასაუმჯობესებლად
330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს, ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებს შორის გასანაწილებლად, რათა ვაქცინების უსაფრთხოება უწყვეტ რეჟიმში იყოს დაცული. მაცივრები უზრუნველყოფილია ძაბვის რეგულატორით და ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და მაცივარში შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით.

აღჭურვილობა გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის ერთერთი მიზანია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით ვაქცინების შენახვის ხელშეწყობა რაიონულ და მუნიციპალურ დონეებზე.

„უნდა ვუზრუნველყოთ, რომ სოფლად თუ ქალაქში ყველას ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან პრევენციულ ჯანდაცვაზე“, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. „ვაქცინების მაცივრები, რომლებიც დღეს დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს გადაეცა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დიდი მხარდაჭერით, არის იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს დიდ ქალაქებსა თუ სოფლებში ვაქცინაციის ჩამტარებელი კლინიკების უახლესი ტექნიკით აღჭურვისკენ, რათა დაცული იყოს ვაქცინების უსაფრთხოება. ამით ხელს შევუწყობთ, რომ ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან მომსახურებაზე“.

ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე ვაქცინის მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად გაეროს ბავშვთა ფონდმა ასევე მოამარაგა კლინიკები 500 ცივი ყუთით, რომელთა ცივ ტემპერატურაში შენახვის ხანგრძლივობაა 107 საათი. ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა გადაეცემა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ შერჩეულ სოფლის კლინიკებს, სადაც ამის კრიტიკული საჭიროება გამოიკვეთა. ამასთან, სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონულ დაწესებულებაში მოეწყობა სპეციალური ცივი ოთახი.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოებული ერთობლივი პროექტის მიზანია კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენცია და დაავადების კერების დროული გამოვლენა და მასზე რეაგირება საქართველოში პანდემიის ზემოქმედების შემცირებისთვის. აღნიშნული ხორციელდება შემდეგი საშუალებებით: რისკის კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა; ინფიცირების პრევენციისა და კონტროლის ზომები და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) მომსახურება; ასევე აუცილებელი აღჭურვილობისა და მარაგების მიწოდება გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ჯანდაცვის მომსახურების გაძლიერება კოვიდ-19-ის მართვის მიზნით.