2017 წლის 28-29 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გერმანიის გარემოს ფედერალური სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სემინარი თემაზე
საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციისშეგროვებისა და გაზიარების სისტემის ჩამოყალიბება: საქართველოს გამოცდილება
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა, გერმანიის გარემოს ფედერალური სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (ალბანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა და უკრაინა) შესაბამისი თანამდებობის პირებმა, ასევე - დარგის ექსპერტებმა.
სემინარის მიმდინარეობის დროს მოხდება საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით პროექტის ფარგლებში მომზადებული ,,საშიში ქიმიური ნივთიერებების საქართველოს რეესტრის“ დემო ვერსიის განხილვა. ასევე, საქართველოს გამოცდილების გაზიარება. სამუშაო ჯგუფებში მოხდება საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ პოლიტიკის შემუშავების, ინფორმაციის შეგროვების და გაზიარების სფეროში არსებული ხარვეზების განხილვა. სემინარის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 2015 წლიდან მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის WHO ECEH ბონის (გერმანია) ოფისის, გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს (UBA) მხარდაჭერით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი „საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით საქართველოში“.