Logo

5 ივნისი, კიბოს გადარჩენილთა ეროვნული დღე, აშშ

title

ეს დღე სიცოცხლის ყოველწლიური უძვირფასესი ზეიმია, რომელიც ივნისის პირველ კვირას კიბოს გადარჩენილთა ეროვნული დღის ფონდის ეგიდით აღინიშნება მთელ მსოფლიოში, ათასობით თემსა და ქვეყანაში. პირველად კიბოს გადარჩენილთა ეროვნული დღე 1988 წლის 5 ივნისს, აშშ-ში აღინიშნა.
წელს ამ დღის დაარსებიდან 35 წელი შესრულდა. ყოველწლიურად, კიბოს გადარჩენილთა დღეს ათასობით ადამიანი იკრიბება, რათა პატივი მიაგოს კიბოს გადარჩენილ ადამიანებს, გაამხნევოს კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანები და დაანახოს მსოფლიოს, რომ კიბოს დიაგნოზის შემდეგ სიცოცხლე შეიძლება ნაყოფიერი, სასარგებლო და შთამაგონებელიც კი იყოს.


კიბოს გადარჩენილთა დღე არის სიცოცხლის ზემი და ასევე შეხსენება იმისა, რომ კიბოს დიაგნოზის შემდგომ ცხოვრება ღირებულია და კიბოს გადარჩენილთა ცხოვრების უკეთესი ხარისხისათვის ბრძოლა მნიშვნელოვანია.

კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით საქართველოში მოქმედებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტული კიბოს სკრინინგი. პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე:


•    ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რაც მოიცავს ექიმის მიერ ხელით გასინჯვას, ორმხრივ მამოგრაფიულ გამოკვლევას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას და ასევე საჭიროებისამებრ, ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსიას.
•    საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რაც ითვალისწინებს პაპ-ტესტს; საჭიროების შემთხვევაში – კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული გამოკვლევა), კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას.
•    კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას; დადებითი პასუხის შემთხვევაში – კოლონოსკოპიას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას.
დარწმუნდით, რომ ჯანმრთელი ხართ ან დროულად გამოავლინეთ დაავადება, რაც  ეფექტური მკურნალობისა და თქვენი სრულფასოვანი ცხოვრების გარანტი იქნება!
დაავადების ადრეული გამოვლენა გადარჩენილი სიცოცხლეა, ისარგებლე კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამით!
https://ncsd.org/ ; www.ncdc.ge

- - - -
ვრცლად:
კიბო (ავთვისებიანი/ონკოლოგიური დაავადებები) აერთიანებს დაავადებათა დიდ ჯგუფს, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ადამიანის ნებისმიერ ორგანოში. როგორც წესი, კიბო ერთი საწყისი უჯრედისგან ვითარდება. მისი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს პათოლოგიური უჯრედების სწრაფი გამრავლება წარმოადგენს. ამ პროცესმა შესაძლოა ჩაითრიოს მიმდებარე ორგანოები და მოგვიანებით მეტასტაზების სახით გავრცელდეს სხვა ორგანოებზეც. ნორმალური უჯრედის ავთვისებიანად გარდაქმნა მრავალსაფეხურებრივი პროცესია. აღნიშნული ცვლილებები ადამიანის გენეტიკურ და გარეგან ფაქტორებს შორის ურთიერთქმედების შედეგია. გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება:
•    ფიზიკური კანცეროგენები, მაგალითად, ულტრაიისფერი და მაიონიზებელი რადიაციული გამოსხივება;
•    ქიმიური კანცეროგენები, მაგალითად, აზბესტი, დარიშხანი, ნიკოტინი და ა.შ.;
•    ბიოლოგიური კანცეროგენები, ვირუსები (ადამიანის პაპილომა ვირუსი, ჰეპატიტი B და ჰეპატიტი C ვირუსი, ეპშტაინბარის ვირუსი (Epstein-Barr), აივ ვირუსი, ჰერპეს ვირუსი), ბაქტერიები (Helicobacter pylori), პარაზიტები.
•    ქცევითი ფაქტორები: თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა.
ჰაერში, წყალსა და ნიადაგში არსებულ ქიმიურ კანცეროგენებს ონკოლოგიურ დაავადებათა 1-4% უკავშირდება. ცნობილია 40-ზე მეტი აგენტი, ნივთიერება და სხვა ფაქტორი, რომლებსაც პროფესიულ კანცეროგენებად მიიჩნევენ. ონკოლოგიურ პაციენტთა თითქმის 25-30%-ს კიბოს ოჯახური ანამნეზი გააჩნია. კიბოს შემთხვევათა 30%-ის პრევენცია შეიძლება განხორციელდეს ძირითადი რისკის ფაქტორების თავიდან აცილების გზით.

კიბოსთან ბრძოლის ევროპული კოდექსი - კიბოს რისკის შემცირების 12 გზა:



1.    არ მოწიოთ და არ გამოიყენოთ თამბაქოს არცერთი ფორმა;
2.    გახადეთ თქვენი სახლი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი და მხარი დაუჭირეთ მოწევის აკრძალვის პოლიტიკას თქვენს სამუშაო ადგილზე;
3.    შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა;
4.    იყავით ფიზიკურად აქტიური და შეზღუდეთ დრო, რომელსაც მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ;
5.    იკვებეთ ჯანსაღად:
•    მიირთვით ბევრი მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული და ხილი;
•    შეზღუდეთ მაღალკალორიული საკვების (შაქარის ან ცხიმის მაღალი შემცველობით) მოხმარება;
•    მოერიდეთ ტკბილ სასმელებს;
•    მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს და შეზღუდეთ წითელი ხორცის და მარილის დიდი შემცველობის მქონე საკვების მოხმარება;
6.    შეზღუდეთ ნებისმიერი ტიპის ალკოჰოლის მიღება, ან არ მიიღოთ ალკოჰოლი.;
7.    მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას, განსაკუთრებით მოარიდეთ ბავშვები, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება;
8.    სამუშაო ადგილებზე დაიცავით თავი კანცეროგენებისგან, ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვით;
9.    მოერიდეთ ადგილებს, სადაც მაღალია რადიაციული გამოსხივების დონე;
10.    ქალებისთვის:
•    თუ შეგიძლიათ, ძუძუთი კვებეთ თქვენი ბავშვი; ძუძუთი კვება ამცირებს კიბოს განვითარების რისკს;
•    ექიმის რეკომენდაციების დაცვით შეზღუდეთ ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის გამოყენება, რომელიც ზრდის ზოგიერთი სახის კიბოს რისკს.
11.    კიბოს რისკის შესამცირებლად იზრუნეთ, რომ თქვენი შვილები აცრილნი იყვნენ:
•    B ჰეპატიტის და
•    ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგოდ;
12.    მონაწილეობა მიიღეთ კიბოს სკრინინგის პროგრამებში:
•    კოლორექტული კიბო (50-70 წლის ასაკის მამაკაცები და ქალები);
•    ძუძუს კიბო (40-70 წლის ასაკის ქალები)
•    საშვილოსნოს ყელის კიბო (25-60 წლის ასაკის ქალები).


www.who.int/mediacentre/factsheets/fs297/en,www.cdc.gov/cancer
www.ncdc.ge