Logo

ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია 24.03.2018

title

2018 წლის 24 მარტს, ქ.ბათუმის სასტუმროში „ბათუმი რედისონ ბლუ“  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით

ვეძებთ ლიდერებს ტუბერკულოზისაგან თავისუფალი მსოფლიოსათვის

კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი კაკი ზოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მაია ლაგვილავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი ზაალ მიქელაძე. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ბათუმის მერიისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ტუბერკულოზის გლობალური და ეროვნული პასუხი.  მოეწყო  ინიციატივის - ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარის რეგიონში წარდგენა, რომლის მიზანია ადგილობრივ საჭიროებაზე მორგებული ყოვლისმომცველი ღონისძიებების განხორციელების, დამატებითი რესურსებისა და პარტნიორების მობილიზაციის გზით შეიქმნას ტუბერკულოზის დამარცხების შესაძლებლობა ე.წ. „ელიმინაციის კუნძული“, რაც ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის გავრცელების შემცირებას აჭარის რეგიონში და მთლიანად საქართველოში.

1982 წლიდან ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882), რამაც საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში 10,4 მილიონ ადამიანს დაუდგინდა ტუბერკულოზი და 1,7 მილიონი გარდაიცვალა ამ მიზეზით, რომელთა 95% მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე.  2016 წელს ტუბერკულოზით დაავადდა დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი და გარდაიცვალა - 250 000. განსაკუთრებულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი MDR-TB. მსოფლიო მასშტაბით 2016 წელს დარეგისტრირდა 490 000 შემთხვევა. ტუბერკულოზი ითვლება მთავარ მკვლელად აივ ინფიცირებული პირებისათვის და  2016 წლის მონაცემებით მისი ხვედრითი წილი შეადგენს 40%-ს.

2000-2016 წლებში ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა 53 მილიონი ადამიანის გადარჩენა.

საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. წინასწარი მონაცემებით 2017 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2913 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2131 ახალი შემთხვევაა.

სახელმწიფო, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომია ეფექტიანი დიაგნოსტიკა და  მკურნალობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი GeneXpert აპარატების მეშვეობით. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე მგრძნობელობის კვლევა სრულად და ასევე,  ტესტირება აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი მედიკამენტები, ახალი ტუბსაწინააღმდეგო წამლების ჩათვლით.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დონორ ორგანიზაციებთან - აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ასევე სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ექიმები საზღვრების გარეშე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები, ეპიდემიოლოგები, არასამთავრობო სექტორი და პაციენტთა სათემო ორგანიზაციები, ერთიანდება ტუბერკულოზის დასამარცხებლად.

ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისათვის არის გაეროს მდგრადი განვითარების ჯანმრთელობის სამიზნე. 2018 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში დაგეგმილია გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მრავალი სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ამ შეხვედრის შედეგი იქნება ამბიციური პოლიტიკური დეკლარაციის მიღება სახელმწიფოთა მეთაურების მიერ, რითაც გაძლიერდება აქტივობები და ინვესტიციები ტუბერკულოზისაგან თავისუფალი მსოფლიოს მისაღებად და მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენად.


პრეზენტაციები:

ამირან გამყრელიძე - ტუბერკულოზის გლობალური და ეროვნული პასუხი

ირმა ხონელიძე - ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარის რეგიონში 

ზაზა ავალიანი - საქართველოს ტუბერკულოზის პროგრამა - არსებული მიღწევები და გამოწვევები

ელიზა რომა, რეგიონული განვითარების მენეჯერი, BMJ - კლინიკური გადაწყვეტილების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში