title
დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის
მიმართვა - საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამედიცინო დაწესებულებების
ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს
ძვირფასო კოლეგებო,
მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ
პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების ღვაწლი ფასდაუდებელია,
რომელთაც ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უწევთ ამ უხილავ და ვერაგ
მტერთან ბრძოლა. მინდა თითოეული თქვენგანის წინაშე ქედი მოვიხარო და ყოველ თქვენგანს
გადაგიხადოთ მადლობა გაწეული შრომის, პროფესიული თავდადებისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.
საქართველოში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით
დაავადებულთა რიცხვი აღემატება 275 ათასს.
დაინფიცირებულთა 97% გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ დაავადებას შეეწირა 3 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის
სიცოცხლე, ხოლო ადამიანთა ნაწილში გამოჯანმრთელების მიუხედავად, ამ დაავადებამ გამოიწვია
ჯანმრთელობის სერიოზული და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი ცვლილებები. პრობლემაა ასევე,
პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებისათვის არსებული შეზღუდვების გავლენა ქვეყნის
ეკონომიკასა და სხვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვან სფეროებზე.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ
მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა და ამ ვერაგი
დაავადების გამო მისი რიგები სამწუხაროდ დატოვა ბევრმა გამორჩეულმა და ღვაწლმოსილმა
ჩვენმა კოლეგამ.
მიუხედავად ინფექციის მასშტაბის გარკვეული
შემცირებისა, ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე. დღესდღეობით ეფექტური
და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული გზა, ამ დაავადებასთან ბრძოლაში, არის ვაქცინაცია,
რომელიც ყველა დროის კაცობრიობის მონაპოვარსა და უდიდეს სამედიცინო მიღწევათა შორის
არის შესული. იმუნიზაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული
ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისგან, რამაც საშუალება მისცა მსოფლიოს
მოსახლეობას, აღეკვეთა მრავალი შესაძლო ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქება.
დღეისათვის საქართველოს მთავრობის,
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, კოვაქს პლატფორმისა და
ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქვეყანამ
შეძლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, მაღალი ეფექტურობის მქონე
ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა და ვაქცინებით მომარაგება გაგრძელდება მთელი წლის
განმავლობაში, რათა მივაღწიოთ აცრილთა მოცვის წლევანდელ სამიზნეს - მოზრდილი მოსახლეობის
60%-ის აცრას. ამ ეტაპზე მიღებული რაოდენობა,
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ რიგში მიმართული
იქნება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის იმუნიზაციისთვის, რათა მათი აცრით
დავიცვათ მათი და დანარჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
თითოეულ თქვენთაგანს, ყველა ჩემს
კოლეგას, მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა,
საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ. პირადი ქცევით ვუჩვენოთ
ჩვენს საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი პანდემიის დამარცხების გზაზე,
ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების
ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
იმედი მაქვს, შევძლებთ ქვეყნის კეთილდღეობისათვის ჩვენი წილი
პასუხისმგებლობის გაზიარებას, მაგალითის მიცემას და ერთობლივად დავამარცხებთ 21-ე საუკუნის ამ საშიშ გამოწვევას.