Logo

14 ივნისი - სისხლის დონორის მსოფლიო დღე

title სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დაარსა და იგი ყოველწლიურად  14 ივნისს აღინიშნება. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, ასევე უანგარო, რეგულარული დონორების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში.
ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  უანაგრო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა.
უსაფრთხო სისხლის საჭიროება უნივერსალურია. უსაფრთხო სისხლი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის, ასევე სასწაფო-გადაუდებელი დახმარების დროს. იგი არა მხოლოდ ეხმარება პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ უხანგრძლივებს ხარისხიანი სიცოცხლის წლებს. სისხლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობების (პანდემია, სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა, შეიარაღებული კონფლიქტები და სხვა), მშობიარობისა და ახალშობილთა მართვის დროს; ანემიების, მალნუტრიციის შემთხვევებში.
უანგარო დონორის მსოფლიო დღე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური კამპანიების ნაწილია.



2023 წლის გლობალური კამპანიის სლოგანია:
„გაიღე სისხლი, გაიღე პლაზმა,  გაუზიარე სიცოცხლე ხშირად“
თითოეული ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს ან პლაზმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს  პაციენტებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებენ ტრანსფუზიას.
მსოფლიოში უსაფრთხო სისხლზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. გლობალურად, დონორული სისხლის 40% მოდის მაღალი შემოსავლების ქვეყნებზე, სადაც  მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 16% ცხოვრობს. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობა იბრძვის ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რადგან სისხლის დონაციების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია. ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია წვლილის შეტანა სისხლის ბანკში სტუმრობით და სისხლის/პლაზმის გაღებით, ასევე, სხვა ადამიანებისათვის მოტივაციის ამაღლებით - გახდნენ სისხლის უანგარო დონორები.
უსაფრთხო სისხლის საკმარისი მარაგის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ უანგარო  დონორების მიერ სისხლის რეგულარული გაღებით. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სისხლის უანაგრო, რეგულარული დონაციის მნიშვნელობის ხაზგასმა და პრიორიტიზაცია.
მიმდინარე წლის კამპანიის მიზნებია:

  •     მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელებიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად;
  •    ცნობიერების დონის ამაღლება სისხლის უანგარო, რეგულარული დონაციების საჭიროების შესახებ და ხაზგასმა რეგულარული დონორების მნიშვნელობაზე;
  •  ჯანმრთელ ადამიანებში მოტივაციის ამაღლება გახდნენ სისხლის უანგარო დონორები,  რეგულარულად გაიღონ სისხლი ტრანსფუზიაზე დამოკიდებული პაციენტების გადასარჩენად და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
  •    გარშემომყოფთა წახალისება, გახდნენ სისხლის უანგარო დონორები და წვლილი შეიტანონ უანარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაციაში.
  •     მხარდაჭერის მობილიზება/მოპოვება ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობაზე უანგარო, რეგულარულ დონაციებზე დაფუძნებული სისხლის მდგრადი მარაგების უზრუნველსაყოფად;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრი წელს, ტრადიციულად, უერთდება უანგარო დონორის მსოფლიო დღის აღნიშვნას.

2023 წლის 14 ივნისს 10 საათზე ცენტრში ჩატარდება დონაციის აქცია, სადაც ცენტრის თანამშრომლები ჩააბარებენ სისხლს, ხოლო დონაციის აქციის შემდეგ, 13 საათზე, ცენტრში დაგეგმილია სისხლის უანგარო, რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოვება მადლობის სიგელებით. სისხლის ბანკებთან თანამშრომლობით, იგეგმება სისხლის დონაციის და საინფორმაციო სახის აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

სიტუაციური მიმოხილვა საქართველოში:

•    2011 წლიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების უსაფრთხოების თანაბარი სტანდარტის უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის პრაქტიკის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო რეგულარული დონორობის სისტემით.
•    2023 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის ლიცენზიის მქონე 21 სისხლის ბანკი მონაწილეობს.
•    2022 წელს სულ განხორციელდა 92,673 დონაცია, მათგან 41 % ფასიანი, 22 % - ნათესავი და 37 % - უანგარო დონაცია.  
•    ქვეყნის მასშტაბით ყველა სისხლის ბანკი ჩართულია ცენტრალიზებულ NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) კვლევაში, რაც  სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს.
•    2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ,“ კანონი ითვალისწინებს სისხლის უსაფრთხოების ახალი, გამჭვირვალე, არაკომერციული, უანგარობის პრინციპზე დამყარებული, ცენტრალიზებული სისტემის შექმნას, ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და ევროდირექტივების მოთხოვნების შესაბამისად.

იყავი სოლიდარული, შემოგვიერთდი სიცოცხლის გადასარჩენად!
ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!