Logo

ისრაელის მეცნიერთა დელეგაცია დახმარებას გაუწევს სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სისხლში ტყვიის განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდების დანერგვასა და ტყვიით დაბინძურების წყაროების განსაზღვრაში

title

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 14 თებერვალი  – საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (MASHAV) პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდი დახმარებას გაუწევს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდოლოგიის დანერგვასა და ტყვიით დაბინძურების წყაროების განსაზღვრაში. ისრაელის გარემოს ჯანმრთელობის სფეროს ოთხი წამყვანი ექსპერტი დაეხმარება NCDC-ს  გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის ქიმიური რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის ადგილობრივ გუნდს,  მოამზადებს და გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას.




ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს ტყვიის ზემოქმედების პრევენციისა და მასთან დაკავშირებული ტოქსიკური ზეგავლენისგან ბავშვების დასაცავად  მთავრობის რეაგირების გეგმის ნაწილს. 2018 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და NCDC-ს   მიერ ერთობლივად ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის MICS შედეგების მიხედვით, საქართველოში 2 დან 7 წლამდე ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 μg/dL-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც აღემატება განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევის შედეგებს.

 



საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები MICS-ით გამოვლენილი ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით, კერძოდ: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; დამტკიცდა ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დატკიცდა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №148 დადგენილებით დამტკიცდა  "ტექნიკური რეგლამენტი – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე" და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. ყოველწლიურად ტარდება „ტყვიით მოშხამვის პრევენციის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეული“. შემუშავდა და დამტკიცების ეტაპზეა „ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის სტრატეგია და სამოქმედო   გეგმა“,  ჩატარდა პედიატრთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტთა ტრენინგები როგორც პირისპირ, ასევე ვებინარის საშუალებით;



საქართველოს მთავრობის განკარგულება №869 – „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება იმ  ბავშვთა საცხოვრებელ გარემოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყვიის წყაროს იდენტიფიცირების მიზნით (ჰაერის, წყლის და ნიადაგის) სინჯების აღება და ტესტირება, რომელთაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სისხლში 10მკგ/დლ-ზე მეტი ტყვიის დონე გამოუვლინდათ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ეროვნული ცენტრთან კოორდინირებულად გურიის რეგიონში აღებული იქნა სინჯები ბავშვთაის საცხოვრებელი გარემოდან.  

 



2021 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა დონორების დახმარებით აღჭურვა ქიმიური რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორია უახლესი აპარატურით, რომელიც სხვადასხვა სახის ნიმუშიდან (წყალი, ნიადაგი, სისხლი, ბიოლოგიური სითხეები, ასევე საღებავები, სათამაშოები, და ა.შ.) სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მ.შ, ტყვიის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. NCDC-ში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა  ტყვიით დაბინძურების წყაოების შესწავლის, სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვისათვის.

 



ისრაელმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა დახმარება კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ტყვიით დაბინძურების წყაროების გამოვლენა. ისრაელიდან მოვლინებული მეცნიერი ეწვევა სამ რეგიონს, სადაც ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი მაჩვენებელია გამოვლენილი და განხორციელდება გარემოს  ნიმუშების აღება და შესწავლა.



ისრაელი მსოფლიოში აღიარებული ლიდერია წყლის რესურსების მართვისა და წყალთან დაკავშირებულ კვლევით, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ასპექტებში.     



„წელს ჩვენ ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ავღნიშნავთ. ეს კარგი შესაძლებლობაა, არა მხოლოდ სიამაყით გავიხსენოთ აქამდე მიღწეული შედეგები, არამედ ასევე  წინ გავიხედოთ და განვსაზღვროთ თანამშრომლობის სამომავლო სფეროები. ამ მხრივ, არ არსებობს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ჩვილთა და ბავშვთა ჯანმრთელობა. შესაბამისად, ისრაელი მიესალმება დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრმლობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. მოხარული ვართ, ჩვენს მეგობრებს საქართველოდან და პარტნიორებს გაეროდან გავუზიაროთ ჩვენი ტექნიკური ცოდნა და სამეცნიერო მიღწევები ამ მიმართულებით“, განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.



“გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია, ისრაელის საელჩოსთან და ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით, დაეხმაროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის პრობლემის მოგვარებაში“, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. „ამ მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სამფაზიანი სტრატეგია, რომელიც გულისხმობდა პრობლემის დადგენას, ტყვიით დაბინძურების წყაროების განსაზღვრას და ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავებას. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერა ასევე მოიცავს ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებას და  ჯანმრთელობაზე გარემოს  ზეგავლენის საზედამხედველო სისტემის შექმნას“, დასძინა ღასან ხალილმა.