Logo

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

title

ცოფი, მწვავე ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაზიანება და ის ყოველთვის ავადმყოფის გარდაცვალებით მთავრდება.


ცოფით ავადდება ყველა თბილისისხლიანი ძუძუმწოვარი, შინაური და გარეული ცხოველი.


ცოფით ავადდება ადამიანიც !!!



ცოფით ადამიანის დაავადების შემთხვევები გვხდება მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის  ტერიტორიაზე. ჰიდროფობიით ყოველწლიურად 55000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, რომელთაგნ 40%-მდე ბავშვია. ჰიდროფობიით დაავადებისა და გარდაცვალების უმრავლეს შემთხვევაში ინფექციის წყარო ძაღლია. პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ვაქცინაციაა.
მსოფლიოში ყოველწლიურად 15 მილიონზე მეტ ადამიანს უტარდება ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდგომი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.


ბუნებაში ცოფის ვირუსის ძირითად  რეზერვუარს  წარმოადგენენ შინაური და გარეული ცხოველები: ძაღლები (ძირითადი რეზერვუარი), კატები, მელიები, მგლები,  ტურები და სხვ. ცოფის ვირუსი ცოფით დაავადებული ცხოველების ნერწყვით გადაეცემა დაავადებულიდან ჯანმრთელს.     

                                   
ადამიანი ინფიცირდება და ავადდება ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვით, ძირითადად კბენითა და დაკაწვრის შედეგად. ადამიანის დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დადორბვლით, დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით ლორწოვან გარსსა და დაზიანებულ, მთლიანობა დარღვეულ კანზე.


ინფექციის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე თეორიულად შესაძლებელია, თუმცა სამედიცინო პრაქტიკაში აღრიცხული არაა.
ადამიანისთვის ცოფით დაავადებული ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენება, დაავადების თვალსაზრისით, საშიშროებას არ წარმოადგენს.
ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე 2-6 კვირაა, თუმცა, შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე და/ან 1 წელზე  მეტ ხანსაც გასტანოს.


მისი  ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკბენის (დადორბვლის) ადგილსა  და   დაზიანების ხარისხის სიმძიმეზე. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თავის არეში, ლორწოვან გარსებზე, შორისის მიდამოსა და თითებზე.
ადამიანთა ცოფით დაავადების პირველი სიმპტომია  მაღალი ტემპერატურა და ზოგჯერ უსიამოვნო, ქავილის, ჩხლეტის ან დაბუჟების შეგრძნება დაზიანებულ (ნაკბენ, დადორბლილ) ადგილას.

გახსოვდეთ!


ცოფით დაავადებული ადამიანის  მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს და ამ დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება დროულად დაწყებული და სრულფასოვნად ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებია:


•    ცხოველისგან დაკბენა-დადორბვლის შემდეგ  ჭრილობის დაუყონებლივ დამუშავება, დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით.
•    დაუყონებლივი მიმართვა ექიმთან ცოფის საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად!!!


დროულად და ხარისხიანად ჩატარებული ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის მეშვეობით შესაძლებელია ამ მომაკვდინებელი დაავადების თავიდან აცილება!


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად,  ადამიანებში ცოფთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური და ყველაზე იაფი ღონისძიება ვაქცინაციის მეშვეობით ძაღლებში ცოფის ლიკვიდაცია და მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდებაა. ასევე მნიშვნელოვანია გარეული ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო აცრების განხორციელება ორალური ვაქცინების გამოყენებით. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებით მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში  ცოფი პრაქტიკულად ლიკვიდირებულია.
ბოლო ათეული წლის განმავლობაში საქართველოში ანტირაბიული პრეპარატებით უწყვეტი მომარაგების ფონზე - ადამიანთა ცოფით დაავადებას აქვს მკვეთრად კლებადი ტენდენცია. 2015, 2016, 2017, 2020 წლებსა და 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში არცერთი ადამიანი არ დაავადებულა ცოფით!


28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა