Logo

არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა - ბრიფინგი 20.07.2016

title

201წლის 20 ივლისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი  თემაზე

არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა

ღონისძიებას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის  წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

არაგადამდები დაავადებები - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ტრავმა - 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთლეობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევააა, ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობის ტვირთის მზარდი ტენდენცია წარმოადგენს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარ ბარიერს, მათ შორის საქართველოსთვისაც.

არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა ერთერთი აპრობირებული მეთოდია არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის ხორციელდება ჯანმო-ს სტანდარტული ინსტრუმენტის (STEPS მეთოდოლოგია) გამოყენებით. STEPS კვლევას ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველოში STEPS კვლევა პირველად ჩატარდა 2010 წელს და მეორე კვლევა დაგეგმილია ა.წ. ივლისის თვიდან. ამ ეტაპზე გამოკვლეულნი იქნებიან შემთხვევითად შერჩეული 6000-მდე 18-69 წლის საქართველოს მოქალაქე.

STEPS კვლევა სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე სოციო-დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად ხდება ინფორმაციის შეგროვება ქცევით რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, და სხვ. მეორე ეტაპზე ხდება ფიზიკური გაზომვების ჩატარება (სიმაღლე, წონა,  წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, სისხლის წნევა, პულსი). მესამე ეტაპზე ხდება ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების შესწავლა - ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება სწრაფი მარტივი ტესტების საშუალებით; კერძოდ, ვიკვლევთ სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის და შარდში მარილის, კრეატინინისა და კოტინინის მაჩვენებლებს. ყველა ეს პროცედურა მოსახლეობისათვის უფასოა.

საქართველოში პირველი STEPS კვლევა ევროკავშირის დაფინანსებითა და ჯანმო-ს ტექნიკური დახმარებით ჩატარდა 2010 წელს, რომელმაც საშუალება მოგვცა გვქონოდა ბაზისური ინფორმაცია ქვეყანაში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების, როგორც ჩვევითი, ასევე ბიოლოგიური, გავრცელების შესახებ. STEPS კვლევის განმეორებითი ჩატარება ჯანმო-ს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით იწყება 21 ივლისს. კვლევა ერთდროულად განხორციელდება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საშუალება ეძლევა მეორედ განახორციელოს STEPS კვლევა, ანუ გაზომოს ინდიკატორები, რაც, შესაბამისად, საშუალებას მოგვცემს გაიზომოს ქვეყანაში ჯანდაცის სისტემის პროგრესი და დაიგეგმოს ახალი ინტერვენციები.

კვლევის წარმატებულად დაგეგმვისა და ჩატარებისათვის შექმნილია STEPS კვლევის საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ვალერი კვარაცხელია.

კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით თხოვნით მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს კვლევის განხორციელებაში და წინასწარ ვუხდით მათ მადლობას კვლევაში მონაწილეობისათვის. მათი  ჩართულობით გვექნება ფასეული მტკიცებულებები არაგადამდები დაავადებებისა და მათი ქცევითი და ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ დინამიკაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოებრივ ჯანდაცვითი გადაწყვეტილებებისა და ინტერვენციების მოსამზადებლად. ეს უკანასკნელნი კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ლელა სტურუას (საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 599 111797; ელ. ფოსტა: lela.sturua@ncdc.ge) ან ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს უფროსს ნანა მებონიას (საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 591 415991; ელ. ფოსტა: nmebonia03@gmail.com).