Logo

სამუშაო შეხვედრა ქალაქ რუსთავში ქვემო ქართლის სჯდ სამსახურებთან.

title

2018 წლის 9 - 16 აგვისტოს, ქ.რუსთავის მერიაში, დკსჯდ ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ამირან გამყრელიძემ გამართა სამუშაო შეხვედრა რუსთავის მერის მოადგილის ბატონ გოჩა ლორიას, ქვემო ქართლის მარნეულის, წალკის ბოლნისის, თეთრიწყაროს დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საზ.ჯანდაცვის სამსახურების ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დკსჯდ ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ვ.გეთიამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა რ.ურუშაძემ იმუნიზაციის პროგრამის კოორდინატორმა თ.სულხანიშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სტატუსის მქონე ქ.რუსთავის ცენტრის დირექტორმა დ. ბეგაშვილმა. დღის წესრიგი ითვალისწინებდა როგორც სახელმწიფო ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამების ადგილებზე შესრულების მიმდინარეობას, ასევე სახელმწიფო პროგრამების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო იმუნიზაციის პროგრამის შესრულების მდგომარეობასა და ადგილებზე არსებულ სირთულეებს, გადამდები და არაგადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობისა და ინფექციათა პროფილაქტიკისა და კონტროლის მიმდინარეობას. განსაკუთრებულად აღინიშნა 2019 წლიდან ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირების პროგრამის ამოქმედებას პირველად ჯანდაცვის რგოლში და ახალი ტიპის - ცენტრალური და ადგილობრივი პარტნიორობის განვითარებას დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის. ბატონმა ა.გამყრელიძემ დამსწრეთ გააცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმატებით მიმდინარე პილოტური პროგრამის მიმდინარეობა და ის დადებითი ტენდენციები, რაც თან ახლდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ახლებურ თანამშრომლობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამამ, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ფინანსური წახალისებით პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის ამაღლებას C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში.
სამეგრელოს რეგიონში მიღწეული წარმატება გარკვეულ ოპტიმიზმს ბადებს პროგრამის შესაძლო გაფართოებაზე ქვეყნის მასშტაბით. მან, როგორც ქ.რუსთავის მერიას, ასევე რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს მოუწოდა პროგრამის ფინანსური მხარდაჭერისკენ. 
პროგრამის 2019 წლიდან ამოქმედების საფუძვლების შექმნისათვის დაიგეგმა შემდგომი აქტიური თანამშრომლობა - რეგიონის ოჯახისა და სოფლის ექიმების, ხარისხის მართვის ჯგუფების გადამზადება, სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფის გეგმა-პროექტებისა და ფინანსური გაანგარიშებების მომზადება. 
შეხვედრებზე წამოყენებული იქნა სხვა რიგი საკითხები, რომელიც ეხებოდა ორგანიზაციულ, მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობის, განთავსების, ტრანსპორტით უზრუნველყოფის მეთოდური მასალების მიწოდების და სხვა საკითხებს.