Logo

კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღე 25.02.2017

title

2017 წლის 25 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ინიციატივითა და  ხელშეწყობით გაიმართა ,,კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილი კონფერენცია.

კონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ანსამბლ „რუსთავის“ და ,,ერისიონის“, თბილისის სიმფონიური ორკესტრის, ფონდების „აურეს“ და „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი პირები. ასევე, დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან არსებული  კოხლეარული იმპლანტის მქონე პაციენტთა რეაბილიტაციის ცენტრის თერაპიული მიმართულების  ყოფილი ხელმძღვანელი ბერნდ ჰარტმანი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი 1000 ახალშობილიდან დაახლოებით 0.5-დან 5 ახალშობილს აღენიშნება თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში გამოვლენილი სენსონევრული სიყრუე ან მწვავე თუ ღრმა ხარისხის სმენის დარღვევა. 

საქართველოში, ახალშობილთა სმენის სკრინინგის სახელმწიფო დაფინანსება დაიწყო 2007-2008 წლებიდან, ხოლო 2011 წლიდან, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის (რომლის კომპონენტიცაა ახალშობილთა სმენის სკრინინგული კვლევა) განხორციელებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა პროგრამებთან ერთად, უზრუნველყოფს დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 2017-2018 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს საქართველოში დაბადებული ახალშობილების უნივერსალური სკრინინგი.

ფონდი “ აი ია“ 2016 წლის 14 აპრილს დააფუძნდა. იგი  მიზანად ისახავს, ხელი შეუწყოს  სმენადარღვეულ ბავშვთა რეაბილტაციასა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს. ამ მიზნის მისაღწევად ფონდმა  დააფუძნა  სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც უკვე ათეულობით სმენადარღვეულ მოზარდს ემსახურება. ცენტრის კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად სისტემატური ხასიათი აქვს უცხოელი სპეციალისტების მოწვევას. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა სმენადარღვეულ  ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესში მშობლების სრულფასოვან ჩართვას; რებილიტაციის პროცესისადმი კომპლექსურ მიდგომას და მასში ლოგოპედებთან და სპეცპედაგოგებთან ერთად ფსიქოლოგების, ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგების მონაწილეობას.