Logo

ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობის გადაცემის ცერემონია 20.07.2020

title 2020 წლის 20 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა
ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობის გადაცემის ცერემონია
ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ესტონეთის ელჩი საქართველოში იურგო ლო, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი. ასევე, დარგის ექსპერტები.
ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.) ტოქსიკური მეტალების (როგორიცაა ტყვია, კადმიუმი, დარიშხანი და სხვ.) შემცველობის განსასაზღვრად. ლაბორატორიული მოწყობილობა გამოყენებული იქნება ტყვიის წყაროების და ინტოქსიკაციის გზების შესასწავლად საქართველოში, ასევე გარემოს ჯანმრთელობის სხვა კვლევებისთვის.
სპექტრომეტრი აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა.
გასულ წელს გამოქვეყნებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში აღებული იყო 2-7 წლის ასაკის ბავშვების ვენური სისხლის 1,578 ნიმუში. საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 μg/dL-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს.
„ტყვია გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტვინს. ის განსაკუთრებით საშიშია ჩვილების და 5 წლამდე ასაკის ბავშვების ტვინისთვის, რადგან ის სრულყოფილად განვითარებამდე ზიანდება. ეს კი იწვევს ნევროლოგიურ, კოგნიტურ და ფიზიკურ შეზღუდვებს,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „გაეროს ბავშვთა ფონდი, ესტონეთის საელჩოსთან და აშშ განვითარების სააგენტოსთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული დონის შესამცირებლად. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, ჩვენ ვეხმარებით მთავრობას ტყვიის წყაროების დადგენაში, ვქმნით ლაბორატორიული ბაზას, სადაც შესაძლებელი იქნება ტოქსიკური მეტალების აღმოჩენა როგორც სისხლში, ისე სხვადასხვა მასალაში. დაიწყო ჩვენი საქმიანობის მესამე ეტაპი - ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავება და განხორციელება.“
მიმდინარე წლის აპრილში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ასევე გადაეცა სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი, რომელიც შესაძლებელს ხდის ტყვიით დაბინძურების წყაროების შესწავლას. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების გამო, ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლის საველე სამუშაოები გადაიდო და სიტუაციის გამოსწორებისთანავე განახლდება.