title
ქ.ზუგდიდში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირისორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული
პილოტური პროექტის „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის“შედეგების განხილვა
კონფერენციას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების მერებმა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ხელმძღვანელებმა,ასევე რეგიონის სამედიცინო პერსონალმა.
ღონისძიებაზე წარმატებული ექიმები დააჯილდოვეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა მაია ლაგვილავამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოინახულეს ქ.ზუგდიდის იუსტიციის სახლში მიმდინარე C ჰეპატიტის სკრინინგი.
პილოტური პროექტის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის გაზრდა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყო მიმდინარე 2018 წლის 1 აპრილიდან.
პროექტის ამოცანებია:
· სამივე დაავადების მიმართ ცნობიერების ამაღლება მონაწილე მხარეებსა და ზოგად მოსახლეობაში;
· C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის ეფექტური ინტეგრაციისთვის მდგრადი სახელმწიფო - ადგილობრივი თვითმმართველობების - კერძო და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება;
· პირველადი ჯანდაცვის ქსელისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გაძლიერება C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებული მოდელის დანერგვით, დეტალური პროტოკოლის გამოყენებით;
· რეგიონულ დონეზე მომსახურების მიმწოდებელთა გეოგრაფიული განაწილების აღრიცხვა და სპეციალიზებულ კლინიკებში ეფექტიანი რეფერალის სისტემის დანერგვა;
· მომსახურების მიმწოდებელთა შესაძლებლობების განვითარება და მომსახურების ხარისხის მონიტორინგში მონაწილე მხარეთა ჩართულობის გაზრდა;
· ქვეყნის მასშტაბით პროგრამის გაფართოების მიზნით მტკიცებულებებზე დამყარებული რეკომენდაციების შემუშავება.
გლობალური ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა „პირველადი ჯანდაცვის დონეზე C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროტოკოლი“, გადამზადდა 440 ოჯახის ექიმი და ექთანი, ასევე ადგილებზე ხარისხის მართვის ჯგუფები.
ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით „C ჰეპატიტის მართვის“ და „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მათი უზრუნველყოფა სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებითა და სახარჯი მასალებით, ანგარიშგების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა ხარისხის კონტროლი და ტექნიკური მხარდაჭერა, ოჯახის ექიმების მიერ რეფერირებული სკრინინგით დადებითი ბენეფიცირებისაგან საკვლევი მასალის აღება და კონფირმაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობები თავის მხრივ უზრუნველყოფენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და პროგრამის ადმინისტრირებაში ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დაფინანსებას ყოველ ტესტირებულ პირზე 1.75 ლარის ოდენობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული ფინანსური რესურსებით.
პროექტის მიმდინარეობის 7 თვის მონაცემებით (1 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე), როგორც სკრინინგით მოცვის, ასევე კონფირმაციისთვის მიმართვის მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამივე დაავადების სკრინინგით მოცვა, ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას და რეფერალის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აისახა შემდგომი კვლევისთვის მიმართვის მაჩვენებელზე და დაავადებათა გამოვლენაზე.