Logo

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ულოცავს თინათინ მანჯავიძეს ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში (ტრომსო) სადოქტორო დისერტაციის წარმატებით დაცვას

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ულოცავს თინათინ მანჯავიძეს ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში (ტრომსო) სადოქტორო დისერტაციის  წარმატებით დაცვას

2020 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლის, თინათინ მანჯავიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა. თინათინმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, პროექტის ‘ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’ ფარგლებში 2017 წლიდან სწავლა გააგრძელა ჯანდაცვის მეცნიერებების სადოქტორო საფეხურზე ნორვეგიის, ტრომსოს არქტიკულ უნივერსიტეტში. ტრომსოს უნივერსიტეტი საქართველოს და ჩვენი ცენტრის ხანგრძლივი პარტნიორია. მათი მხარდაჭერით საქართველოში დაინერგა დაბადების რეგისტრი, მიმდინარეობს არაერთი პროექტი და თანამშრომლობა სულ უფრო ფართოვდება.

თინათინ მანჯავიძის საკვლევ საგანს წარმოადგენდა საქართველოს დაბადების რეგისტრის მონაცემების საფუძველზე პერინატალური სიკვდილიანობის მიზეზები და მასზე ანტენატალური მომსახურების გავლენა. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფ. ერიკ ანდა, ხოლო თანახელმძღვანელები - შარლოტა რილანდერი, ფინ ეგილ შელდესტა და ნატა ყაზახაშვილი. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა 3 სტატია რეცენზირებად ჟურნალში აღნიშნულ თემაზე.
სადოქტორო ნაშრომის დაცვაზე თინათინს ოპონირება გაუწიეს ბერგენის უნივერსიტეტის პროფესორმა ანე დალტვეიტმა და კოპენჰაგენის უნვიერსიტეტის პროფესორმა ლაუსტ მორტენსენმა. კომიტეტის თავმჯდომარე იყო მარკო ლუკიჯი ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გულითადად ულოცავს თიკოს ამ წარმატებას. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერმა სპეციალისტმა, რომელიც რამდენიმე წელია ჩვენი გუნდის ერთგული წევრია, ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, შრომით და საქმისადმი სიყავრულით! სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.