title
2016 წლის 1 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფის (PTF), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მსოფლიო ექიმები საფრანგეთის (MDM), სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას სლოგანით
ვემხრობი შიდსის დამარცხებას !
კონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, გაერთიანებული ერების განვიტარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი პირები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
ყოველი წლის 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული და დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსის მსოფლიო დღისათვის 2016 წელს დაწყებული იქნა ახალი კამპანია „ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“ (Hands Up For! #HIV) რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ, ისევე როგორც შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციების გაფართოებას.
შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციები მოიცავს: მკურნალობას, პრევენციას, ტესტირებას, გამოვლენას, დისკრიმინაციას, თანასწორობას, თემის ჩართულობას, ინვესტიციას, ხელმისაწვდომობას, ზიანის შემცირებას, უფლებას ჯანმრთელობაზე, განათლებას.
აღნიშნული ინტერვენციების გატარებით შიდსის დამარცხების გზაზე მოსალოდნელი შედეგებია:
2020 წლისთვის სტრატეგია 90-90-90 გულისხმობს
აივ ინფიცირებულთა 90%-მა იცის საკუთარი ინფიცირების შესახებ;
აივ ინფიცირებულთა 90% იღებს არვ მკურნალობას;
მკურნალობაზე მყოფ აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეულია აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონის შენარჩუნება)
- მიღწეულია ყოველწლიურად გამოვლენილი შემთხვევების სტაბილური კლება;
- აივ ინფიცირებულთათვის შექმნილია დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო.
2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა.
საიდანაც 4508 მამაკაცია, 1557 ქალი;
2016 წელს გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა;
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება;
შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა.
მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფება 3550 პაციენტი, მათგან 401 აფხაზეთში.
ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (44.7%) და დაუცველი სქესობრივი კავშირი (52.4%), მათ შორის 8.8% - ჰომოსექსუალური .
აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (2072 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 811 შემთხვევით, იმერეთი 781 შეთხვევით და აჭარა 697 შემთხვევით.
საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია: სამედიცინო სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელდება. 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა. 2016-2018 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის შემდგომ შემცირდება.
აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამების მდგრადობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომლის გადაჭრა შესაძლებელია სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი დიალოგისა და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველზე.