Logo

17 ნოემბერი - დღენაკლ ახალშობილთა საერთაშორისო დღე

title ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება. 17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი პირველად აღინიშნა 2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს აქტივობებში და 60-ზე მეტი ქვეყანა გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს, რათა გაზარდონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. საინფორმაციო-
საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით. ყოველწლიურად ყველა უერთდება ამ ღონისძიებას: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზავიები, მედია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მშობელთა კავშირები, კომპანიები და კერძო პირები.

2023 წლის დღენაკლულობის მსოფლიო დღის გლობალური თემაა: მცირე მოქმედებები - დიდი გავლენა: დაუყონებლივ კანიდან კანზე მოვლა ყველა ბავშვისთვის ყველგან. (small actions BIG IMPACT: immediate skin-to-skin care for every baby everywhere)
დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ორსულობის მართვა ისე, რომ მოხდეს მისი მიყვანა სრულ ვადამდე. შესწავლილია ის რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ  ნაადრევ მშობიარობაზე, მაგალითად: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა, ქალის დაბალი წონა, სიმსუქნე, დიაბეტი, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით და
 ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი. რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში
მიწოდებული სერვისების გაფართოებას.