ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული 25 წლიანი პარტნიორული ურთიერთობები წარმოადგენს სტაბილურ, საიმედო და ნაყოფიერ კავშირებს დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში.
წლების განმავლობაში აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერა და როლი საქართველოს ჯანდაცვის სისტემების განვითარების კუთხით მრავალფეროვანი და ნაყოფიერია. ამერიკელი პარტნიორების ტექნიკური დახმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების აკადემიური და ტექნიკური პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ზემოაღნიშნული მხარდაჭერის შედეგად, დღეს საქართველო რეგიონში წარმოადგენს ძლიერი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის, დიაგონოსტიკისა და შეტყობინების სისტემების, ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მქონე ლიდერ ქვეყანას. ყოველივე ამას განაპირობებს ამერიკელი დონორების მიერ ერთიანი ლაბორატორიული სისტემის დანერგვა, რომელიც აერთიანებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ლაბორატორიებს ქვეყნის მასშტაბით, მ.შ. რიჩარდ ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებსა და ბიოლოგიურ უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ დაწესებულებას.
„ლუგარის ცენტრის“ მშენებლობისა და დაარსების ისტორია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მისიის: „უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიოში“ ფარგლებში დაარსდა ნან-ლუგარის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკელი სენატორების: რიჩარდ ლუგარის და სემ ნანის სახელებს. ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის მიზნით პრევენციული ღონიძიებების ჩატარება სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში ბიოლოგიური ერთობლივი ჩართულობის პროგრამების საშუალებით.
ზემოაღნიშნული პროგრამები მოქმედებენ „ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) პრინციპით, რომლებიც ემსახურება ადამიანებისა და ცხოველთა ჯანმრთელობისთვის შემცველი ბიოლოგიური რისკების აღმოფხვრას, მიმართულია ეპიდემიოლოგიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებისა და დაცვისკენ.
სწორედ, ამ მიზნით, ნან-ლუგარის ინიციატივითა და აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერითა 2004 წელს საფუძველი ჩაეყარა ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიის მშენებლობას საქართველოში, რომელიც 2011 წელს დაარსდა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი და მიენიჭა რიჩარდ ლუგარის სახელი, ხოლო 2013 წლის მაისში შეუერთდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს როგორც ინტეგრირებული სტრუქტურა და სრულად ამოქმედდა 2013 წლის აგვისტოდან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის / ლუგარის ცენტრის ფუქციებს წარმოადგენს: ქვეყნის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება; ბიოლოგიური საფრთხეების სწრაფი აღმოჩენა და დადასტურება; საზჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ლაბორატორიული უზრუნველყოფა; მონაწილეობა ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების პროგრამის (GHSA) ლაბორატორიული სისტემის პაკეტში; საშიში პათოგენების კონსოლიდაცია ერთ დაცულ ადგილას; ბიოსამედიცინო სამეცნიერო კვლევების პოტენციალის განვითარება ქვეყანაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი „ლუგარის ცენტრთან“ ერთად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე ამერიკისა და ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან; მონაწილეა მთელი რიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების; ლუგარის ცენტრის თანამშრომლების მონაწილეობით გამოქვეყნებულია პუბლიკაციები წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში.
მიმდინარე წლის 18-25 ივნისს, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ბატონი დავით სერგეენკო შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს - რიჩარდ ლუგარს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის, ფუნქციონირების, მიღწევებისა და აშშ-საქართველოს მომავალი თანამშრომლობის განვითარების საკითხები შესახებ.
თავის მხრივ, სენატორმა ლუგარმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გამოუგზავნა მადლობის წერილი, რითაც გამოხატა კმაყოფილება ლუგარის ლაბორატორიის მიღწევების შესახებ. „...მიხარია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ნაწილს. ...გავეცანი თქვენ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ვარ აღფრთოვანებული მიღწევებით. ...იმედი მაქვს, საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი, იქნება კიდევ უფრო დაცული საფრთხეებისგან“.