Logo

საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა 28.02.2018

title

„გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!“, - ამ სლოგანით დღეს საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მიმართა და განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანია მიმდინარე წლის 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონმდებლობის ძალაში შესვლას ეძღვნება.

„საქართველოს პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სახელით, გვაქვს პატივი, გაუწყოთ ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანიის დაწყების შესახებ, რომელიც ამა წლის პირველი მაისიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლას ეძღვნება და რომელიც მოუწოდებს და დაავალდებულებს ჩვენს თანამემამულეებს, თამბაქოს მოწევის მიზნით მათივე თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად, გავიდნენ გარეთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონმდებლობის ამოქმედება მომდევნო 15 წლის განმავლობაში, 53 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენს. მისივე თქმით, საკანონმდებლო რეფორმა მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელსაც.

„შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს ნაადრევი და მტანჯველი სიკვდილისგან და ქვეყნის ეკონომიკისთვის 3.5 მილიარდი ლარი დაიზოგება. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულებით, როგორც ამას ჩვენ გაეროს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის გლობალური სამდივნოს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგები გვეუბნება, მოგვეცემა საშუალება, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლეები და დავზოგოთ თანხები, რომელთა გამოყენება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ შეგვიძლია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონმდებლობის აღსრულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქტიურ სამოქალაქო პოზიციას ენიჭება. აკაკი ზოიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ იქნებიან პასიურები. დეპუტატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი არა მწეველთა, არამედ თამბაქოს ინდუსტრიისა და მისი მომაკვდინებელი შედეგების წინააღმდეგ არის მიმართული.

„2018 წლის 1 მაისიდან, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან პასიურები. ნუ იქნებიან პასიური მწეველები, იმიტომ, რომ ეს დამღუპველია. მათი აქტიური სამოქალაქო პოზიცია კანონის აღსრულებაში გადამწყვეტი იქნება. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება - შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, რომ კანონმდებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულონ, მაგრამ პირველი აღმასრულებელი, პირველი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ 50 ათასზე მეტი ადამიანი გადავარჩინოთ სიკვდილს, ისევ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მათ შორის - ჩვენი თანამოქალაქე მწეველები, რომელთა წინააღმდეგ ნამდვილად არ არის ეს კანონი მიმართული. ეს კანონი მიმართულია თამბაქოს ინდუსტრიის და მისი მომაკვდინებელი შედეგის წინააღმდეგ“, - მიმართა დამსწრეებს აკაკი ზოიძემ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ, თამბაქოს კონტროლის როლი გლობალურ ჯანდაცვაში უმნიშვნელოვანეს მიღწევებს გაუტოლდება. მინისტრმა საქართველოს პარლამენტს კანონის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი მიზანი რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაა.

„ჩვენი დღევანდელი და მომდევნო ღონისძიებების მთავარი ამოცანა არის საზოგადოებრივი ცნობადობის გაზრდა - თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად საზოგადოების თითოეული წევრის ჩართვა ამ უმნიშვნელოვანეს ინტერვენციაში. რაც შეეხება, საკუთრივ თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობას უტყუარი და დადასტურებული მტკიცებულებები აქვს იმის შესახებ, თუ რა ზიანს იწვევს და რამდენ სიცოცხლეს იწირავს, მას შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. გულწრფელად მჯერა იმისა, რასაც ახლა ვიტყვი, რაც, შესაძლოა, ახლა გადაჭარბებულად ჟღერდეს, რომ გავა ცოტა დრო და თამბაქოს კონტროლი გლობალურ ჯანდაცვაში გაუტოლდება ისეთ ინტერვენციებს, როგორიც, თავის დროზე, იყო ანტიბიოტიკის აღმოჩენა, ვაქცინაცია და მჯერა, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით თამბაქოს კონტროლი დადგება ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევების გვერდით და ჩვენ რეალურად შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. მჯერა, რომ ეს მოძრაობა, რომელიც დღეს დაიწყება, იქნება ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვამ ისაუბრა. გამომსვლელმა განაცხადა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან, თამბაქოსგან თავისუფალ გარემოზე საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება პასუხისმგებელი. ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვამ ხაზგასმით აღნიშნა კანონის მნიშვნელობა და იმ დადებით შედეგებზე ისაუბრა, რომლებსაც კანონმდებლობა ძალაში შესვლის შემდეგ მოიტანს.

„თქვენ 2018 წლის 1 მაისს დიდ საჩუქარს მიიღებთ - ქართველთა ახალი თაობა ისარგებლებს ამ კანონის ამოქმედებით. თითოეული თქვენგანი იქნება პასუხისმგებელი თამბაქოსგან თავისუფალ გარემოზე. თითოეული თქვენგანი დაინახავს თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ ქვეყანას. ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყოველწლიურად ათი ათასობით სიცოცხლის გადარჩენა; იოლია გასააზრებლად, თუ რამდენი მილიონი ლარი დაიზოგება და გაცილებით უკეთესი მიზნებისკენ მიიმართება საზოგადოების სასარგებლოდ; ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თითოეული მწეველისთვის, რათა მოწევას თავი დაანებოს და ცხოვრების უკეთესი ხარისხი ჰქონდეს. საქართველო შექმნის ისტორიას ამ კუთხით და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წვლილი შევიტანოთ თითოეული ოჯახის კეთილდღეობაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციების თითოეულ წარმომადგენელს, რომლებმაც ამ კანონის შემუშავებასა და იმპლემენტაციაში დახმარება გაგვიწიეს - მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP). მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებას ამ ინიციატივის განხორციელებისთვის“, - განაცხადა სამდივნოს ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, შეკრებილებს კლიპი წარუდგინეს, რომელშიც ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგები იყო ასახული. ღონისძიებაზე ჩაირთო წამზომიც. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს და მასზე ეფექტიანი ინვესტიცია ჯანმრთელობაში არ არსებობს. 
„პირველი მაისიდან, უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან და მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით პასიურები. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს: აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა კანონმდებლობის აღსრულებაზე - ეს თქვენ და თქვენს შვილებს და შვილიშვილებს გადაარჩენს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სამედიცინო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.