Logo

ბრიფინგი ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით 24.07.2017

title

2017 წლის 2ივლისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით. 

ბრიფინგს დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი პირები.

ჰეპატიტები, განსაკუთრებით B  და C,  გლობალური ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს და მათი გავრცელება იზრდება. მსოფლიოში დაახლოებით 325 მილიონი ადამიანია  B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმით დაავადებული. 2015 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.34 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ინფიცირებულთა 95%-ზე მეტს შეუძლია სრულად განიკურნოს.

საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამნრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია.

2015 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაცის პროგრამა. პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 41 ათასამდე პაციენტმა მიმართა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას და დაახლოებით 40 ათასმა მათგანმა იმკურნალა ან ამჟამად მკურნალობს უახლესი ანტივირუსული მედიკამენტების შემცველი რეჟიმებით. 30 ათასზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათში, რომელთაც ჩაუტარდათ მყარი ვირუსული პასუხის შესაფასებელი ანალიზი მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, დაახლოებით 98%-ში გამოვლინდა სრული განკურნება.

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იწყება კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.