Logo

წითელას ეპიდსიტუაციის მიმოხილვა ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში

title

წითელას მიმოხილვა მსოფლიოში
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა  მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით). კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით, ასევე  ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით და სერიოზულ გართულებებს იწვევს.
 წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს  ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს. 
1963 წლამდე, მანამ სანამ შეიქმნებოდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა და დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, წითელას ეპიდაფეთქებები თავს იჩენდა ყოველ 2-3 წელიწადში, რის შედეგადაც ყოველწლიურად იღუპებოდა დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანი. 80-იან წლებში მსოფლიოს მასშტაბით წითელათი ავადდებოდა 25 მლნ ადაიმიანი. ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. იმის გამო, რომ წითელა მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებათა რიცხვს, 1978 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო წითელას ელიმინაცია.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა
ხანგრძლივი დაკვირვების განმავლობაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინამ დაადასტურა მისი მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება. წითელას წინააღმდეგ ვაქცინაცია შედის ეროვნულ კალენდარში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 
მიუხედავად უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის ხელმისაწვდომობისა, 2017 წლის მონაცემებით წითელათი გარდაიცვალა  დაახლოებით 110 000 ადამიანი, უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
დაჩქარებულმა იმუნიზაციის აქტივობებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წითელათი გამოწვეული გრდაცვალებების შემცირებაზე. 2000-2017 წლების განმავლობაში  21.1 მილიონი გარდაცვალების პრევენცია გახდა შესაძლებელი წითელას ვაქცინით. 2000 წელთან შედარებით, 2017 წელს წითელათი გარდაცვალების რაოდენობა შემცირდა 80%. (2000 წელი - 545 000, 2017 წელი - 110 000). 
2018-2019 წ. მიმოხილვა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ევროპის რეგიონში წითელაზე აცრილი ბავშვების რაოდენობა სხვა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალია. თუმცა პროგრესი ქვეყნებში და ქვეყნებს შორის  არათანაბარია, რის შედეგადაც დაუცველი აღმოჩნდა მოსახლეობის დიდი ჯგუფი და ინდივიდები, რამაც გამოიწვია წითელას შემთხვევების მატება 2018 წელს.  2018 წლის წითელას ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების ფონზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს განახორციელონ ინტერვენციები იმ ტერიტორიაზე და ჯგუფებში, სადაც არსებობს იმუნიზაციის ხარვეზები.
2018 წელს, ევროპის რეგიონში წითელათი გარდაიცვალა 72 ბავშვი და ზრდასრული. ქვეყნების ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, 53 ქვეყნიდან 47 ქვეყანაში წითელათი ავად გახდა 82 596 ადამიანი, რომელთაგანაც ჰოსპიტალიზებულ იქნა დაახლოებით 2/3 (61%). 2018 წელს, წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობა  ამ ათწლეულში ყველაზე მაღალია, ის სამჯერ აღემატება 2017 წელს და თხუთმეტჯერ 2016 წელს დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობას.
2019 წლის 11 იანვრის მონაცემებით, წითელას შემთხვევების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის წევრი  20 ქვეყნიდან (ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და შვეიცარია). 2019 წელს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების ერთი შემთხვევა (რუმინეთი). 2019 წელს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან წითელას ყველაზე ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება ფიქსირდება უკრაინაში, სადაც 2018 წელს დაფიქსირდა წითელას 54 481 შემთხვევა, მათ შორის 16 გარდაცვალება, ხოლო 2019 წელის 1 თებერვლის მონაცემებით 15 095-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 1 გარდაცვალება. ეპიდაფეთქებები ასევე ფიქსირდება ისრაელში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2019 წლის დასაწყისში, ირლანდიაში, გამოვლინდა წითელას  21 შემთხვევა, საიდანაც ლაბორატორიულად დადასტურდა 7. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა არაიმუნურ ფენაში. 
ასევე, წითელას ეპიდაფეთქება ფიქსირდება საფრანგეთში, კერძოდ ალპებში (Val Thorens), რომელიც საკმაოდ პოპულარული ადგილია არამარტო ადგილობრივისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. 14 თებერვლის მონაცემებით, წითელას შემთხვევებიდან 5 ლაბორატორიულად დადასტურებულია, ხოლო 20 საეჭვო. დადასტურებული შემთხვევები, ძირითადად გვხვდება სეზონზე მომუშავე პირებში, ხოლო ერთი შემთხვევა ფიქსირდება 5 თვის ბავშვში.  წითელას შემთხვევები დაფიქსირდა დანიაში (2 დადასტურებული), შოტლანდიაში (1 საეჭვო) და ბელგიაში (1 საეჭვო), რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ალპებში წითელას ეპიდაფეთქებასთან. 
პოლონეთში, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 15 თებერვლის ჩათვლით, 217 ადამიანს დაესვა წითელას დიაგნოზი, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით, 8 ჯერ მეტია. 2019 წლის პირველ ორ კვირაში 83 წითელას შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო თებერვლის პირველ 2 კვირაში 88.  წითელას შემთხვევების უდიდესი ნაწილი დაფიქსირდა 30-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) 7 თებერვლის მონაცემებით, კალიფორნიის, კოლორადოს, კონექტიკუტის, ჯორჯიის, ილინოისის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკის, ორეგონის, ტეხასის და ვაშინგტონის შტატებში დაფიქსირდა წითელას 101 შემთხვევა. ნიუ-იორკში წითელას ეპიდაფეთქება დაფიქსირდა  ებრაული საზოგადოების წევრებში, რომელთა რელიგიური პრაქტიკა არ აღიარებს ვაქცინაციას. ძირითადად წითელას ეპიდაფეთქება არის იმ საზოგადოებაში, სადაც ვაქცინის მიმართ არის რეზისტენტული განწყობა და დეზინფორმაცია წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინასთან დაკავშირებით.  
ტაილანდში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტაილანდის სამხრეთ ნაწილში 15000 წითელას შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 12 სიკვდილი. 
ფილიპინებში, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით, 9 267 წითელას შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 146 გარდაცვალება,  აღნიშნული მონაცემები,  წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით, 266% გაზრდილია.  ეს სავარაუდოდ დენგეს ცხელების დროს მშობლებისთვის არასწორი ინოფრმაციის მიწოდების შედეგია, რამაც შემდგომ გამოიწვია შიში ვაქცინაციის მიმართ და ათობით ბავშვის გარდაცვალება წითელას ეპიდაფეთქების დროს.
მადაგასკარში, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვაქცინაციის დაბალმა მოცვამ გამოიწვია ათიათასობით ადამიანის დაავადება და ასობით ადამიანის გარდაცვალება.
 
შეჯამება
აღსანიშნავია, რომ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაქცინააციით მოსახლეობის 95% მოცვა. სტატისტიკა გვიჩვენებს რომ ევროპის 27 ქვეყნიდან 12-ში ერთი დოზით  ვაქცინაცია ვერ აღწევს 95%-ს, ხოლო ორი დოზით ვაქცინაცია 95%-ს ვერ აღწევს 15 ქვეყანაში.
დღესდღეობით იკვეთება ორი სახიფათო ტენდენცია:
ფართოდ გავრცელებული ანტივაქცინაციის მოძრაობა, რომლის მასშტაბი არ მცირდება
სამედიცინო საზოგადოების პასიური დამოკიდებულება ვაქცინაციის მნიშვნელობის განმარტების  და მასზე მშობლებთან საუბრის მიმართ. ასევე, შესაბამისი აგიტაციის გაწევაზე თავის შეკავება სამკურნალო დაწესებულებებში.
 
ამ ტენდენციების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მსოფლიოში წითელას ეპიდემიის გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია.

წყარო:
  • http://www.thenews.pl/1/9/Artykul/407490,Measles-cases-surge-in-Poland-report
  • http://sr.promedmail.org/index.php
  • https://ecdc.europa.eu/sites/portal/files/documents/communicable-disease-threats-report-10-february-2019.pdf
  • https://reliefweb.int/sites/reliefweb.int/files/resources/UNICEF%20WHO%20PHL%20SitRep2_Measles%20Outbreak_20Feb2019.pdf
  • https://www.historyofvaccines.org/content/blog/brief-history-measles