Logo

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული

title

ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში, მსოფლიოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის   ინიციატივით ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს მიმდინარეობს სლოგანით - აკრძალე ტყვია საღებავებში! აღნიშნული კვირეული ამერიკის სენატის მიერ 1999 წელს დაარსდა.

კვირეულის მიზანია, მოუწოდოს ორგანიზაციებს, მრეწველობის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უზრუნველყონ ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბავშვების ორგანიზმზე ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმზე ტყვიის მავნე ზეგავლენას მსოფლიოში ფართო აღიარება აქვს და ბევრმა ქვეყანამ მიიღო შესაბამისი ზომები ტყვიის ზემოქმედება, განსაკუთრებით, ბავშვების ორგანიზმზე, რჩება უმთავრეს საზრუნავად ჯანდაცვის მიმწოდებლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირებისათვის მთელ მსოფლიოში.

2002 წელს, მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტზე, მთავრობებს მოუწოდეს ტყვიის შემცველი საღებავების ამოღებისაკენ. ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსი (ტყვიის საღებავის ალიანსი) 2011 წელს ჩამოყალიბდა. ალიანსის მიზანია ხელი შეუწყოს ტყვიის შემცველი საღებავების წარმოებისა და რეალიზაციის შეწყვეტას და ამით საბოლოო ჯამში, აღმოფხვრას მისგან გამოწვეული რისკები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, აუცილებელია სათანადო ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება, რათა შეწყდეს ტყვიის შემცველი საღებავებისა და ამ საღებავებით დაფარული პროდუქტების წარმოება, იმპორტ-ექსპორტი, გავრცელება, გაყიდვა და გამოყენება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რასაც ერთობლივ კოორდინაციას უწევდა ტყვიის საღებავის ალიანსი, 2019 წლის 31 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ 72 ქვეყნის მთავრობამ დაადასტურა, რომ აქვთ ტყვიის შემცველ საღებავებზე კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლის მექანიზმი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში სულ 194 წევრი სახელმწიფოა გაერთიანებული, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი ჩავარდნა ალიანსის მიერ დასახული 2020 წლის მიზნის მიღწევაში, რაც ტყვიის შემცველი საღებავების სრულ აკრძალვას ეხება.

ტყვიის შემცველი საღებავების სრული აღმოფხვრით, ქვეყნები ხელს შეუწყობენ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას:

·          2030 წლისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და დაბინძურებული ჰაერით, წყლით და ნიადაგით გამოწვეული სიკვდილისა და დაავადების შემთხვევები.

·         2020 წლისათვის მოხდება ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების ეკოლოგიურად მდგრადი მართვა, საერთაშორისო ჩარჩო-დოკუმენტების შესაბამისად და საგრძნობლად შემცირდება მათი გავრცელება ჰაერში, წყალში და ნიადაგში, რაც  მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე  უარყოფით ზეგავლენას.

 

კვირეულის მიზნები

კვირეულის კამპანიის ფარგლებში ტყვიის შემცველი საღებავების გლობალური ალიანსი მიზნად ისახავს:

·         ტყვიით მოშხამვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;

·         ქვეყნებისა და პარტნიორების ყურადღების გამახვილებას მათი ძალისხმევის მობილიზებისათვის ბავშვების ტყვიით მოშხამვის თავიდან აცილების მიზნით;

·         მოუწოდებს ქვეყნებს შემდგომი ნაბიჯებისაკენ, რათა ტყვიის შემცველი საღებავების აღმოფხვრა მოხდეს სახელმწიფოს დონეზე, შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმებით.

 

წყარო:

http://www.who.int/ipcs/lead_campaign/objectives/en/

https://www.cdc.gov/nceh/lead/national-lead-poisoning-prevention-week.htm

https://www.unenvironment.org/explore-topics/chemicals-waste/what-we-do/emerging-issues/global-alliance-eliminate-lead-paint

https://portal.ct.gov/DPH/Environmental-Health/Lead-Poisoning-Prevention-and-Control/NLPPW

ბუკლეტი – ტყვიისგან თავისუფალი გარემო 

ფლაერი

ბუკლეტი ტყვია 2019 

ტრიპლეტი ქართული ანიმაციებით  ტყვია 2019 

ფლაერი  ტყვია 2019 

ქართული პოსტერი

Paint Logo