Logo

ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28 ივლისი, 2018 წელი

title

ჰეპატიტის მსოფლიო დღე

28 ივლისი, 2018 წელი

ყოველწლიურად, 28 ივლისს აღინიშნება ჰეპატიტის მსოფლიო დღე, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოთა მთავრობებს, ექიმებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესიონალებს, პაციენტთა ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ტვირთისა და დაავადების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა მიზნით.

ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი შეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატის - ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ, რომელმაც 1967 წელს აღმოაჩინა B ჰეპატიტის ვირუსი.

ვირუსული ჰეპატიტები სიკვდილობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში და ყოველწლიურად სიკვდილის 1.34 მილიონი შემთხვევის მიზეზი ხდება. ამ ნიშნით ჰეპატიტები წინ უსწრებს აივ ინფექციას, ტუბერკულოზსა და მალარიას. ღვიძლის კიბოს შემთხვევების ორი მესამედი გამოწვეულია B ან C ჰეპატიტით.

C ჰეპატიტით მსოფლიოში ინფიცირებულია 71 მილიონი ადამიანი, რომელთა 75% ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 5.4%-ს აქვს ქრონიკული C ჰეპატიტი, რაც აბსოლუტურ რიცხვებში 150,000 ადამიანს შეადგენს.

ვირუსული ჰეპატიტები არ არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დაავადება, არამედ წარმოადგენს გლობალურ ეპიდემიას, რომელიც ზიანს აყენებს მილიონობით ადამიანს. მსოფლიოში B ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-მა და C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 80%-მა არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ. გვიანი დიაგნოსტიკა ზრდის ღვიძლის მძიმე დაავადების (როგორიცაა ღვიძლის ციროზი და კიბო) განვითარებისა და ინფექციის სხვა პირებზე გავრცელების რისკს. საქართველოში, 100,000-მდე ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია C ჰეპატიტით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა შეუმჩნევლად და უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ღვიძლის მძიმე დაზიანების განვითარებამდე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ჩაიტაროს უფასო ტესტირება - სკრინინგი C ჰეპატიტზე და დროულად შეიტყოს საკუთარი ინფიცირების სტატუსი, რითაც შესაძლოა თავიდან აიცილოს სერიოზული გართულებები.

2018 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი სლოგანია - „ვიპოვოთ დაკარგული მილიონობით ადამიანი; დროა, ჩაიტარო ტესტირება! დროა, ჩაიტარო მკურნალობა! დროა, განიკურნო!“ რომელიც გულისხმობს მსოფლიოში ვირუსული ჰეპატიტებით ინფიცირებული 325 მილიონიდან იმ 290 მილიონ პირის გამოვლენას (ყოველი 10-დან 9 ადამიანი!), რომელთაც არ იციან საკუთარი დაავადების შესახებ. ჰეპატიტის მსოფლიო დღის კამპანია ემსახურება C ჰეპატიტის ტესტირებით მოცვის გაფართოებას, ამ მიმართულებით პოლიტიკის დახვეწასა და მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

2016 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა „ვირუსული ჰეპატიტების გლობალური სტრატეგია“, რომელიც მიზნად ისახავს B და C ჰეპატიტების ელიმინაციას 2030 წლისთვის, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა უახლოვდება დასახულ სამიზნეს. საქართველო ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციას იკავებს ამბიციური გეგმით, რომელიც ითვალისწინებს C ჰეპატიტის ელიმინაციას 2020 წლისთვის. ქვეყანაში მიმდინარე მასიური სკრინინგი, C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკა და სამკურნალო უახლესი თაობის პრეპარატებზე (პირდაპირ მოქმედი ანტივისული მედიკამენტები) სრული ხელმისაწვდომობა უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის დასახული მიზნის მისაღწევად. 2015 წლიდან დღემდე, ჩვენი ქვეყნის 50,000-მდე მოქალაქე უკვე ჩაერთო C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში და უფასოდ მიიღო C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები. პროგრამის ფარგლებში ვირუსისგან განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ს შეადგენს.