Logo

2019 წლის 25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

title

2019  წლის 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, მისი ძირითადი გზავნილია:[1]

„თანასწორობის გენერაცია უზრუნველყოფს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრას!“

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი: „ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობა  საუკუნეების განმავლობაში დომინირებს კაცობრიობაში . არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გენდერული უთანასწორობა გაუპატიურების კულტურას ამკვიდრებს და ძალაუფლების დისბალანს იწვევს."

2019 წლის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანია გენდერული თანასწორობის ფორმირებისკენ არის მიმართული. მსოფლიო გამოცდილებამ გამოავლინა, რომ გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ქალთა  მიმართ სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება რიგ შემთხვევებში დაუსჯელია. გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით წელს, ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია 25 ნოემბრიდან იწყება, გაგრძელდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და ფოკუსირდება ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების პრევენციაზე. ქალთა და გოგონების მიმართ  ზიანის მიყენების ეს სპეციფიკური ფორმა ხშირია მშვიდობისა თუ ომის დროს.  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. 1999 წლის 17 დეკემბერს კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა. მას არა აქვს კულტურული, გეოგრაფიული, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ ეროვნული საზღვრები და ყველაზე ხშირად ჩაკეტილი სოციალური წყობისთვისაა დამახასიათებელი. ამ პრობლემას აქვს უაღრესად სერიოზული შედეგები არა მარტო ძალადობის მსხვერპლი ქალების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო სტატისტიკა ასეთია:

·         მსოფლიოში ყოველი სამი ქალიდან ერთი ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის;

·         დაქორწინებული ქალების მხოლოდ 52% დამოუკიდებლად  იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი სექსუალური ურთიერთობის, კონტრაცეპციისა, თუ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ;

·         მსოფლიოში 18 წლამდე დაქორწინებული 750 მილიონი  ქალია ცოცხალი, 200 მილიონ ქალს ბავშვობაში წინადაცვეთის პროცედურა აქვს  ჩატარებული;

·         2017 წელს მსოფლიოში ყოველი 2 მოკლული ქალიდან ერთი ოჯახური ძალადობის ან სექსუალური პარტნიორის მსხვერპლი იყო;

·         ტრეფიკინგის მსხვერპლთა 71% არის ქალი ან გოგონა, საიდანაც 4-დან 3 სექსუალურ ექსპლუატაციას განიცდის;

·         რეპროდუქციული ასაკის ქალებში ძალადობისა და კიბოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ტოლია და აღემატება საგზაო შემთხვევებისა და  მალარიის მიზეზით  დაღუპულ ქალთა მაჩვენებელს.

უკანასკნელ წლებში ქართული საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობისადმი უფრო გახსნილი და შეუწყნარებელი გახდა, თუმცა  ამ პრობლემის სიმწვავე არ განელებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის მინიმუმ 5875 შემთხვევა მოხდა.  ოჯახში ძალადობის შემთხვევებიდან მსხვერპლი 5875 ქალი იყო, ხოლო კაცი 1018. რაც შეეხება მოძალადეებს, მოძალადე 5671 შემთხვევაში იყო კაცი, ხოლო 954 შემთხვევაში ქალი. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში 7646 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. აღნიშნული მონაცემების შესაბამისად, შსს- ყველაზე ხშირად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მიმართავენ, ყველაზე იშვიათად კი სექსუალური ძალადობის დროს. 2018 წლის განმავლობაში აღრიცხული შემთხვევების დიფერენცირება ძალადობის სახეების შესაბამისად: ფსიქოლოგიური - 7109, ფიზიკური - 170, ეკონომიკური - 198, იძულება - 74, უგულებელყოფა - 68, სექსუალური - 25. ოჯახში ძალადობის შემთხვევებში პოლიციას ყველაზე ხშირად თბილისში, აჭარასა და იმერეთში მიმართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სტატისტიკის ზრდა უწყებაში მიმართვიანობის ზრდით არის განპირობებული, რაც შს სამინისტროს მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის შედეგია. სამართალდამცავები ადეკვატურად რეაგირებენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, შესაბამისად მათ მიმართ ნდობის ხარისხიც გაზრდილია.

მსოფლიოში  სამი ქალიდან ერთი სიცოცხლის განმავლობაში  ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის. ეს მსოფლიო მასშტაბის პანდემიაა, რომლის შეჩერება და  პრევენცია შესაძლებელია. თუმცა არ არსებობს სამკურნალო მედიკამენტი და ვაქცინა. ვებრძვით არა დაავადების მაპროვოცირებელ რისკის ფაქტორებსა და ვირუსს, არამედ ძალადობის ჩამდენ დამნაშავეს ან საზოგადოებას. ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისკენ და მოუწოდებს მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას.

ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობითა და პროფესიული მოვალეობების სათანადოდ შესრულებით თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა წვლილი შევიტანოთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის საქმეში.