Logo

პასუხი ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეკითხვებზე

title

ბატონო ზურაბ მოგესალმებით და მეც გიდასტურებთ პატივისცემას, ისევე, როგორც ჩემს ყველა კოლეგას ვინც ოდესმე ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას Zurab Tchiaberashvili
მოგეხსენებათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა გახლავთ ყველაზე უფრო სათუთი და მგრძნობიარე სფერო. რადგან ჯანმრთელობა წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, შეხებაშია თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, ამ სექტორის ხელმძღვანელების (არა აქვს მნიშვნელობა როდის და რა პერიოდში იყვნენ) გამონათქვამებს აქვთ დიდი მნიშვნელობა საზოგადოების სწორ ორიენტაციასა და დაკვალიანებაში.
მინდა დავაზუსტო, რომ მე გუშინ არ მოვედი ქალბატონი ეკა კვესიტაძის გადაცემეში არა იმიტომ რომ ვუფრთხი დისკუსიებს ღია ეთერში (ასეთი ბევრი მქონია, მათ შორის თქვენ პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან თავის დროზე), არამედ არ არის სწორი, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს თემა, რომელიც ყველანაირ პარტიულ ხედვაზე მაღლა დგას და რომელიც საერთო მიზანი უნდა იყოს ყველა იდეოლოგიის მქონე საქართველოს პატრიოტი ადამიანისათვის. ეს ზეპარტიული საკითხია, რომელიც დღეს საქართველოს სახეა საერთაშორისო ასპარეზზე და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ცნობილი ფაქტია, რომ გამოცდილ ექიმებს ე.წ. მე-6 გრძნობა აქვთ განვითარებული. მოგეხსენებათ მე საკმაო ხნის საექიმო მოღვაწეობის სტაჟი მაქვს და ხანდახან ახლაც არ ვამბობ უარს რთული ავადმყოფების კონსულტაციებში მონაწილეობაზე. საკმაოდ კარგად მაქვს განვითარებული მე-6 გრძნობა, როცა ადამიანს სახეზე ვატყობ რას ფიქრობს, რა ახარებსა და რას წუხს. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ეძახიან „ჩავარდნილს“, „ჩაფლავებულს“ და ამას კმაყოფილების ქვეცნობიერი მიყვება სახესა თუ გამოხედვაში, ვფიქრობ, რომ მათ ქვეყანაზე გული არ შესტკივათ და ეს ნამდვილად საწყენია.
ნებისმიერ სივრცეში, რომელიც არ არის ასოცირებული კონკრეტულ პარტიასთან, ნებისმიერ (არაპარტიულ) პირდაპირ ეთერში, საჯარო სივრცეში, პარლამენტში, უნივერსიტეტებში, სადაც გნებავთ მოაწყეთ განხილვა, მოიწვიეთ ამ საკითხის ჭეშმარიტი ექსპერტები, თუ საჭიროა - დამკვირვებლებიც და გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე ვრცლად, მათ შორის იმ კითხვებზეც, რომელიც ჯერ არ დასმულა და შესაძლოა მომავალში დაგებადოთ. მთავარია, რომ ამას არ ჰქონდეს დაკითხვისა და ბრალდებების, არამედ მიეცეს აკადემიური განხილვის ფორმატი, დაფუძნებული საერთო მიზნის მიღწევის სურვილზე.
გავკადნიერდები, როგორც ასაკით უფროსი და ალბათ ცოტათი მეტი ცხოვრებისეული გამოცდილებით, პატარა რჩევას მოგცემთ თქვენ და დანარჩენებს, ვინც დღეს ამ პროგრამას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებთ. ოდესმე შესწრებიხართ ალბათ სამეცნიერო ნაშრომის თუ პროექტის ოპონირებას და სავარაუდოდ იცით, რომ ჯანსაღი ოპონირება ყოველთვის იწყება პოზიტივით, დადებითი მხარეების მითითებით, რა გაკეთდა, რას მივაღწიეთ, რა იყო სიახლე მეცნიერებისთვის, საზოგადოებისთვის, მერე ვსვამთ კითხვებს რაც გაუგებარია (როგორც ახლა მისვამთ, მაგრამ ისინი უფრო პოლიტიკურია), შემდეგ გადავდივართ კრიტიკულ შენიშვნებზე, ბოლოს ვაკეთებთ დასკვნებსა და ვიძლევით ჩვენს რეკომენდაციებს. ასეთია ოპონირების საყოველთაოდ მიღებული პროცესი, რომელიც როგორც წესი, საერთო საქმისთვის კარგია. განსხვავებით ამ დამკვიდრებული მიდგომისა, თქვენი და სხვა ოპონენტების მთავარი დასკვნა იყო რომ სახელმწიფომ ეს პროექტი „ჩააგდო და ჩააფლავა“, რომელიც სამწუხაროდ არავითარ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. არადა თითქოს თქვენმა მეგობრებმა კარგად იციან მტკიცებითი მედიცინის არსი და როლი ჯანდაცვაში, მაგრამ სამწუხაროდ ეშლებათ ერადიკაცია და ელიმინაცია, ჰეპატიტების სახეობები, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი და ჯანდაცვის საერთო და საზოგადოებრივი დანახარჯი, ედრებიან ამერიკას, რომელიც ხარჯავს 2,5 ტრილიონს ჯანდაცვაზე და ა.შ.
სწორედ ამიტომ მოგიწოდეთ აკადემიური დებატებისკენ და უარს ვამბობ პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობაზე. მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკით საერთო საქმე წინ ვერ წავა. დარგის ჭეშმარიტმა ექსპერტებმა კარგად იციან, რომ გლობალურ თუ ჩვენს ჯანდაცვას ჰქონდა, აქვს და ექნება ბევრი პრობლემა თუ გამოწვევა, მაგრამ მარტო უსაგნო კრიტიკით ვერ განვვითარდებით. მე მუდამ მომხრე ვარ ჯანსაღი ოპონირებისა და კრიტიკის და სიამოვნებით ვიღებ სწორ, მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დამყარებულ რეკომენდაციებს - რადგან მხოლოდ ეს არის სწორი ფორმატი, თუ გვინდა რომ განვვითარდეთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და თუ ვართ ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივრები.
სანამ თქვენს კითხვებზე გიპასუხებდეთ, გავიმეორებ ტელეგრაფულად რაც უკვე ვთქვი პრესკონფერენციაზე:
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გახლავთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი პროგრამა, რომელიც კი განხორციელებულა საქართველოს ჯანდაცვის ისტორიაში და უკვე ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი შედეგებით (გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 62%, რაც აბსოლუტურ ციფრებში შეადგენს 1,750 მილიონ უნიკალურ პირს, ხოლო 15 ნიშნა უნიკალური კოდის ჩათვლით 1,82 მილიონს, რაც 64%-ია, ნამკურნალევია სამიზნე რაოდენობის 51%, რაც აბსოლუტურ ციფებში 65 000 ადამიანს შეადგენს, განკურნების 98.7%-ით). ამ ინდიკატორებით საქართველო მოწინავეა ელიმინაციის გზაზე მდგარ ყველა ქვეყანას შორის. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება რიგი ქართველების გარდა (იცით ე.წ. ქართული სინდრომი). ამ მიღწევებისთვის 2019 წელს საქართველო ევროპის ღვიძლის კონგრესზე აღიარებული იქნა როგორც სანიმუშო ქვეყანა ჰეპატიტის ელიმინაციაში (არ აღიარებენ მხოლოდ რიგი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები აქ ჩვენთან). არ მსურს, რომ თქვენც მათ რიგში იყოთ, რადგან რაღაც პერიოდში ამ დარგს ხელმძღვანელობდით და გარკვეულად კოლეგები ვართ. ექიმებში კოლეგიალური პატივისცემა განსაკუთრებულია (ყოველ შემთხვევაში მე დღემდე ამ ღირებულებებით მოვდივარ და ასე მასწავლიდნენ ჩემი დიდი მასწავლებლები).
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არ გახლავთ მარტო ჰეპატიტის ელიმინაცია. ეს პროგრამა რადიკალურად აუმჯობესებს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ინფექციების კონტროლი, სისხლის უსაფრთხოება, ნარკოდამოკიდებულებში ზიანის შემცირება, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა, საყოველთაო სკრინინგი, პირველადი ჯანდაცვა, სკრინინგისა და პრევენციის კულტურის დანერგვა ქვეყანაში, ჯანსაღი ცხოვრების ტრადიციების დამკვიდრება და სხვა.
თუ დამისახელებთ შესადარ პროგრამებს ბოლო 10-15 წელიწადში, მათ შორის თქვენი მთავრობის პირობებში, სიამოვნებით განვიხილავდით.
ერთსაც დავამატებდი: ამ პროგრამას ათასობით განკურნებული ჰყავს უკვე. ეს ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე და თითეული მათგანის ახლობელთა კიდევ უფრო დიდი რაზმია. რაც უნდა რიტორიკულად ჟღერდეს, არც ეს დაივიწყოთ, ბატონო ზურაბ!
ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს
უპირველეს ყოვლისა, ვუდასტურებ ბატონ ამირანს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ პატივისცემას. აქვე აღვნიშნავ, რომ დღევანდელ განცხადებებში მან უკლებლივ დაადასტურა ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი, რაზედაც 2018 წლის შემოდგომიდან ვსაუბრობ, კერძოდ:
1. “ჩვენი ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩენებლებია, რომ უნდა გამოვავლინოთ 150 ათასიდან 135 ათასი ადამიანი, ანუ 95%, 128 ათასი ადამიანი უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში და 122 ათასი უნდა განვკურნოთ. დღეს ჩვენ 2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი. მკურნალობაში ჩართულია 65 ათასი ადამიანი, 58 ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა 98,7%-იანი განკურნების ეფექტით.”
2. “C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა უნდა შეგვესრულებინა 2020 წელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-3 წელი დაგვჭირდება, რათა ყველა ეს ადამიანი განიკურნოს.”
3. “შარშანწინ (!) ჩატარებული გვაქვს ე.წ ბარიერების კვლევა - პირველ დაბრკოლებად საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მეორე დაბრკოლებად კი ფინანსური ბარიერი გამოვლინდა.”
4. “როდესაც პროგრამა დაიწყო 2015 წელს, მკურნალობა იყო სრულად უფასო, სწრაფი დიაგნოსტიკა ყოველთვის იყო უფასო პროგრამის დაწყების დღიდან, გაღრმავებულ დიაგნოსტიკაში კი იყო ე.წ. თანაგადახდის კომპონენტი. ეს თანაგადახდაც თითქმის არ იყო სოციალურად დაუცველებისთვის. ეს თანაგადახდა თანდათანობით იხსნებოდა და თუ არ ვცდები, 2019 წლის ზაფხულიდან პროგრამა სრულიად უფასოა.”
ზუსტამ ამ ყველაფერზე ვსაუბრობ პარლამენტში 2018 წლის 14 ნოემბერს გამოსვლიდან მოყოლებული ყველა საჯარო გამოსვლაში 2018 წლის 13 დეკემბერს, 2019 წლის 18 მარტს, 10 ივნისს, 12 ივნისს, 27 დეკემბერს (ყველაფერი დევს ფბ-ზე), რომლებსაც ამ სიტყვებით ვიწყებდი:
"ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს."
რაშიც განსხვავდება ამირან გამყრელიძისა და ჩემი პოზიციები ეს შემდეგია: შეიძლებოდა თუ არა ამ პრობლემების წინასწარ განჭვრეტა და თავიდან აცილება. მე ვამბობ რომ შეიძლებოდა. და ვთხოვდი ბატონ ამირანს, საჯაროდ მიპასუხოს შემდეგ კითხვებზე:
ზ.ჭ. - ბარიერების კვლევა ჩატარებულია 2 წლის წინ, ფინანსური ბარიერი მოიხსნა 6 თვის წინ. რატომ გააჭიანურა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პროცესი ამდენ ხანს, როდესაც ბიუჯეტში ამ პროგრამაზე თანხები იყო გამოყოფილი? შეგახსენებთ: 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე" 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული.
ა.გ. - ფინანსური ბარიერის შემცირებასა და მოხსნაზე ბევრჯერ იყო საუბარი სახელმწიფო კომისიაზე და ის პროგრესულად მცირდებოდა ყოველწლიურად და სრულიად მოიხსნა 2019 წლის 1 აგვისტოდან. ბარიერების კვლევამ თავის მხრივ დაადასტურა, რომ ფინანსური ბარიერი არ იყო წამყვანი და მთავარი დაბრკოლება მკურნალობაში ჩასართავად. ეს დაადასტურა ფინანსური ბარიერის მოხსნის შემდეგ მკურნალობაში ჩართულთა არცთუ რადიკალური ზრდის ტემპმა. აღსანიშნავია, რომ ბარიერების კვლევა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობით ჩატარდა 2018 წლის შემოდგომაზე. აღნიშნული კვლევის წინასწარი შედეგები მოხსენდა საერთაშორისო მრჩეველთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ნოემბრის ბოლოს, ხოლო საბოლოო შედეგების პრეზენტაცია შედგა C ჰეპატიტის ეროვნული ელიმინაციის პროგრამის სამუშაო შეხვედრაზე 2019 წლის მარტში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კვლევა ცალკე ჩატარდა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის. შედეგების მიხედვით მკურნალობაში ჩართვის მთავარ ბარიერად დასახელდა პროგრამის ნაკლები ცნობადობა და მოსახლეობის განათლება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ვმუშაობდით ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეს საკითხი აქტუალურია არა მარტო ჰეპატიტის პროგრამისთვის, არამედ მეტ-ნაკლებად ეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა პროგრამას (იმუნიზაცია, კიბოს სკრინინგი, უსაფრთხო სისხლი, ტუბერკულოზი და სხვა). ამ საკითხს აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური საფუძვლები, რომლებსაც ახლა აქ არ გავშლი.
ზ.ჭ. - როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაინახა პროგრამაში ჩართვის დაბალი მაჩვენებლი, რა საინფორმაციო კამპანია ჩაატარა? კონკრეტული მაგალითები და შეფასებაც, რამდენად ეფექტური იყო ეს კამპანია.
ა.გ. - ჰეპატიტის თემა აქტუალურია საზოგადოებაში, ის შუქდებოდა და შუქდება საკმაოდ ინტენსიურად მასმედიით, სოციალური მედიით, შეიქმნა და მუშაობს განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია, კამპანიებში სამედიცინო პერსონალთან ერთად ჩართულები არიან სოციოლოგები, ქცევითი ცვლილებების და მედია კომუნიკაციის სპეციალისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, მეცნიერები, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, სკრინინგის მიზნით მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში დაკომპლექტებულია სპეციალურად დატრენინგებული გამსვლელი ბრიგადები, საზოგადოებას მიეწოდება მიზნობრივი ნაბეჭდი თუ ელექტრონული საპრომოციო მასალა და სხვა. თუმცა, ჩვენი საზოგადოების კულტურული და ტრადიციების თავისებურებებიდან გამომდინარე, აღნიშნული კვლავ არ არის საკმარისი, ეტაპობრივად იგეგმება დამატებითი აქტივობები და როგორც მანამდე ხაზი გავუსვი, ყველას ერთად მეტი ძალისხმევა გვმართებს პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენც, პირადად, როგორც ყოფილ ჯანდაცვის მინისტრსა და დღეს დეპუტატს, ამ ქვეყნის ქომაგ-გულშემატკივარს უფრო ხშირად უნდა მოგეწოდებინათ მოსახლეობისა და თქვენი მომხრეებისთვის - გაევლოთ სკრინინგი და ჩაეტარებინათ მკურნალობა. დავიჯერო, თქვენ, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ შეძლებდით მეტი ადამიანი მოგეზიდათ ამ უპრეცენდენტო პროგრამის მოსარგებლედ?
როგორც მოგეხსენებათ, ღირებულებები განაპირობებენ ქცევას. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა, სამწუხაროდ, არ არის მთავარი ღირებულება. ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და შესაბამის ქცევას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, განაპირობებს კომპლექსური ფაქტორები, მათ შორის დემოგრაფიული და კულტურული, ტრადიციები, ზოგადი განათლების დონე, სარგებლის გაცნობიერება, ხელმისაწვდომობა და სხვა; ამ კომპლექსური დამოკიდებულების ნათელი მაგალითია თქვენი პირადი ისტორია, რომელზეც საუბრობთ სისტემის ეფექტურობის თაობაზე თქვენსავე დასმულ ბოლო კითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის კარგად იყო ცნობილი C ჰეპატიტზე სკრინინგის მნიშვნელობის, ელიმინაციის პროგრამის სარგებლის და ხელმოსაწვდომი მკურნალობის ეფექტურობის შესახებ, დაგჭირდათ 4 წელი სკრინინგის მარტივი პროცედურის ჩასატარებლად. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ქცევის მოდელი ანალოგიურია ან უფრო მძიმე - გვყავს იდენტიფიცირებული 16 000 ადამიანი C ჰეპატიტის დადასტურებული დიაგნოზით, რომელთაც ესაჭიროებათ მკურნალობა, მაგრამ განმეორებითი შეხსენების მიუხედავად ვერ ხერხდება მათი მკურნალობაში ჩართვა. ეს რთული ამოცანაა, რამდენადაც დაავადება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ჩივილების არ არსებობის შემთხვევაში ადამიანები სხვა პრიორიტეტებს უთმობენ დროს. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, დარწმუნებას, რომ მკურნალობის გადავადება რისკების შემცველია მათი ჯანმრთელობისთვის, ქცევის მოდელის ცვლილება კი დროს მოითხოვს.
ზ.ჭ. - რა თქმა უნდა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე სტიგმის გამო ნარკოდამოკიდებულთა პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია, მაგრამ ჩვენს, 2012 წლამდე ხელსიუფლებასთან ერთად განა დღევანდელი ხელისუფლება თანაბრად არ იზიარებს პასუხისმგებლობას ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო?
ა.გ. - ამ კატეგორიის ადამიანების ჩართვა ნამდვილად არ არის დაბალი, მაქვს ჩვენი გუნდის მიერ წარმოებული სტატისტიკური გათვლები, რომ ამ რისკ-ჯგუფის ადამიანების დიდმა პროცენტმა ისარგებლა სერვისებით და ესეც აღნიშნული პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
ამასთან, ნარკოდამოკიდებულთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უკვე ინტეგრირებულია და ეტაპობრივად ფართოვდება ზიანის შემცირების ქსელში, პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობის პირობის დაცვით. ამასთან, 2019 წლის დეკემბრიდან პირადობის იდენტიფიცირების გარეშე შესაძლებელია სკრინინგით იდენტიფიცირებული ანტისხეულდადებითი პირებისათვის დამადასტურებელი (კონფირმაციული) ტესტის ჩატარება და მხოლოდ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ხდება მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლვების ჩატარება და მკურნალობაში ჩართვა. ასევე, მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულიდან მოიხსნა ფინანსური ბარიერები დიაგნოსტიკური კვლევებისათვის და მკურნალობა მათთვის სრულიად უფასო იყო, თუმცა ამას არ მოჰყოლია ამ პირთა მხრიდან მიმართვიანობის მკვეთრი მატება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფინანსური ბარიერი არ იყო წამყვანი. დღეისათვის ზიანის შემცირების 4 ცენტრში ხდება მკურნალობის სერვისის მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფის წევრებისთვის, რათა სამედიცინო სერვისების მიწოდება განხორციელდეს მათთვის კარგად ნაცნობ მეგობრულ გარემოში.
რაც შეეხება საკითხს ნარკოპოლიტიკის შესახებ, ალბათ ამას მე არ უნდა მისვამდეთ, ადამიანს, რომელმაც სერიოზული წვლილი შეიტანა იმ საკითხში, რომ ეს ადამიანები კანონმდებლობით აღიარებულნი არიან პაციენტებად და არა ყოველთვის დამნაშავეებად და მათთვის ხელმისაწვდომია ჩანაცვლებითი თერაპია. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც ამ პროცესს დაუდო საფუძველი და გლობალური ფონდის პირველი პროექტი, რომელმაც უზრუნველყო მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ამოქმედება იმ დროს მიიღო ქვეყანამ, როცა თქვენი მონა-მორჩილი ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სისტემას და მისი პირადი წვლილიც არ უნდა იყოს უმნიშვნელო. თუ მერე რატომ არ განავითარეთ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა სწორი მიმართულებით, ალბათ თავად მოიკითხავთ გუნდის შიგნით. რადგან ამ თემის ირგვლივ ვტრიალებთ, აუცილებელია ისიც აღინიშნოს და თქვენც იმედია დაადასტურებთ, საქართველოსთვის მუდმივად გაჟღერებული სამარცხვინო და არარეალური ციფრი (250 000 ნარკოდამოკიდებული, შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელ და ასევე, ლანცეტის შესაბამის პუბლიკაციებს) რომ შეიცვალა და ჩამოვიდა შედარებით რეალურზე, სერიოზული წვლილი თქვენი გუნდის მოღვაწეობის პერიოდში, თქვენს დღევანდელ მოპასუხეს აქვს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა თვითკრიტიკული და რეალისტი უნდა ვიყოთ.
ზ.ჭ. - მთავარი მაინც მენეჯმენტის გაუმართაობაა. მოვიყვან პირად მაგალითს, რომელზედაც ჯანდაცვის კომიტეტზე ვილაპარაკე 2019 წლის 18 მარტს (დევს ფბ-ზე ვიდეო): 2015 წლიდან, რაცC ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა დაიწყო, თავად მე მინიმუმ8-ჯერ მქონდა შეხება სამედიცინო დაწესებულებასთან, აქედან 6-ჯერ პროფილაკტიკური ლაბორატორიული კვლევებისათვის. არცერთხელ არცერთ დაწესებულებას, მით უმეტეს, ლაბორატორიას ჩემთვისC ჰეპატიტის სკრინინგისთვის ე.წ. “სწრაფი ტესტი” არ გაუკეთებია. არადა თითქოს მარტივია ხომ? მიხვედი პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში, ავტომატურად სისტემა გიტარებს სკრინინგს. (საბოლოოდ, 2019 წლის მარტში ჩავიტარე ტესტი და ამაში გადავიხადე 24 ლარი.) ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო ამის აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს სკრინინგი, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია იმისათვის, რომ ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ. ამირან გამყრელიძე ამბობს: “2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი.” კითხვა: შეიძლებოდა თუ არა პროგრამის მთელ ქვეყანაში გაშლა ისე, რომ იგი სოფლის ექიმის დონეზე დავიდეს და მოსახლეობა მთლიანად სწრაფად მოიცვას? და ისევ, შეიძლებოდა თუ არა2019 წლის აგვისტომდე წამლამდე მისასვლელი ყველა ეტაპი - “სწრაფი ტესტი”, “დადასტურების ტესტი” და დიაგნოსტიკური კვლევა- უფასო და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო?
ა.გ. - ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ არის სწორი და ან არ გაქვთ ინფორმაცია ან განგებ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებთ არსებულ სიტუაციას. მიზანდასახულად ჯერ არცერთ ინფექციაზე ამდენი ადამიანი არ გამოკვლეულა ქვეყანაში ჯანდაცვის ისტორიის მანძილზე და ამას უწოდებთ ცუდ მენეჯმენტს? სკრინინგზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია. სოფლის ექიმები აქტიურად არიან ჩართული სკრინინგში და საქართველო მხოლოდ თქვენ, მე და/ან სხვა ჯანდაცვის სექტორის მესვეურნი არ ვართ!
მოგეხსენებათ 2018 წ-დან ქვეყანაში მიმდინარეობს ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი პირველადი ჯანდაცვის დონეზე - სამი დაავადების (C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ-შიდსი) ინტეგრირებული სკრინინგი, სადაც მონაწილეობს სამი უწყება (გლობალური ფონდი, ცენტრალური ხელისუფლება წარმოდგენილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრით და ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც წახალისებას უკეთებს პირველადი ჯანდაცვის პერსონალს თითოეულ გამოკვლეულზე). სამი დაავადების ინტეგრირებული სკრინინგი სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყო და დღეისთვის მთელი საქართველო მოიცვა. ამ მიზნით გლობალური ფონდის მხარდაჭერით ტრენინგები ჩაუტარდა ქვეყნის მასშტაბით ათასობით ექიმსა და ექთანს პირველადი ჯანდაცვის სექტორში. პირველადი ჯანდაცის აქტიურმა ჩართვამ სკრინინგის პროცესში 2018-2019 წწ შესაძლებელი გახადა სკრინინგით მოცვის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 77%-მდე, გურიაში 84%, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 88%-მდე; ეს პროექტი დღეს უკვე აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომლის შეფასების კომპეტენტურობაში არავის შეაქვს ეჭვი და მისი იმპლემენტაციის ინტერესი ბევრ ქვეყანას აქვს. სკრინინგი გეოგრაფიულად გაშლილია და დღეს ქვეყანაში ტარდება დაახლოებით 1 200-მდე წერტილში. ჰეპატიტის პროგრამის დაწყების შემდეგ C ჰეპატიტზე სკრინიგი გარდა დონორებისა, სავალდებულო გახდა ჰოსპიტალიზებულებისათვის (დაახლოებით 400 000 ჰოსპიტალიზაცია წელიწადში), ორსულებისთვის, ახალწვეულებისთვის. თქვენს კითხვაზე, რატომ არ არის ის სავალდებულო ყველა ამბულატორიული ავადმყოფისთვის, პასუხია: რადგან წელიწადში გვაქვს 12-13 მილიონი ამბულატორიული ვიზიტი, ყველას სკრინინგი არ არის ხარჯთ-ეფექტური და ფიზიკურადაც რთულია. ახლა როცა ელექტრონული ბაზა საკმაოდ გამართულია, შეიძლება სელექტივიზმი და წელს განსაკუთრებული აქტივობები განხორციელდება თბილისში, სადაც სკრინინგი ჩაუტარდება პოლიკლინიკებზე მიმაგრებულ ყველა მოსახლეს, რომელთაც ეს სერვისი ჯერ არ მიუღია. ჩვენი ცენტრი პოლიკლინიკებს უზრუნველყოფს ტესტ-სისტემებით და სათანადო ინსენტივსაც გადაუხდის სამედიცინო პერსონალს.
თქვენ თუ გსურდათ ჰეპატიტზე გამოკვლევა და არა იმის დადგენა - გამონაკლისის გარეშე ყველა დაწესებულება მონაწილეობს თუ არა ამ პროგრამაში, მაშინ შეგეძლოთ თბილისში მიგემართათ იმ დაწესებულებებისათვის, სადაც სკრინინგი 2015 წლიდან მიმდინარეობს უსასყიდლოდ (ეს ჩამონათვალი ყველასთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე) ან იუსტიციის სახლებში, სადაც უკვე ორი წელია ეს პროექტი მიმდინარეობს და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩაგიტარდებოდათ უფასოდ. შეგიძლიათ ახლა უკვე ეს რეკომენდაცია თქვენს ახლობლებსაც გაუზიაროთ, რაც კიდევ უფრო წაადგება ამ პროგრამით მოსარგებლეთა მოცვის გაზრდას.
ზ.ჭ. - C ჰეპატიტის სამკურნალოდ საქართველოსთვის კომპანია “გილეადის” მიერ ნაჩუქარი წამლის ჯამური ღირებულება საქსტატს დაფიქსირებული აქვს 2016 წლის სავაჭრო ბალანსში, როგორც 2.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი, რაც კურსით 1$-2.5 ლარს 6.5 მლრდ ლარია. ანუ სახელმწიფომ დაუშვა560 მლნ ლარის ანუ საერთო ღირებულების 8.6%-ის წყალში გადაყრა. არის თუ არა თავად ეს ყველაზე დიდი ზიანი პროგრამისთვის?
ა.გ. - თავდაპირველად ერთ შენიშვნას გავაკეთებდი: ეს წამლები (მათი გენერიკები) ჩვენი ტიპის ქვეყნებში მკურნალობის ერთი კურსისთვის უკვე დიდი ხანია ღირს 300-500 აშშ დოლარის ფარგლებში, ზოგან კიდევ უფრო ნაკლები. არ არის სწორი, როდესაც ამ წამლის ღირებულებას ვითვლით ამერიკის საბაზრო ფასებში 2014 - 2015 წლების მდგომარეობით. ეს ციფრებით მანიპულირებაა პოლიტიკური მიზნით, რაც არ არის სწორი გათვლა და ინტერპრეტაცია (არც ადამიანურად და არც სახელმწიფოებრივი მიდგომის თვალსაზრისით).
დიახ, გათვლებში ალბათ სოციალურ სააგენტოს და პარტნიორებს ჰქონდათ ხარვეზები და მეტობით იანგარიშეს (სტრატეგიული მარაგი, მკურნალობაში ჩართვის გაზრდის დაგეგმვა და ა.შ.), მაგრამ ეს არ არის დანაშაული ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, როგორც ამას სატელევიზიო გამოსვლებში აფასებთ თქვენ და სხვები. ერთი-ერთზე წამლის მარაგის პროგნოზირება არასდროს ხდება და 3-5% ფარგლებში ყოველთვის დასაშვებია უკმარისობა ან მეტობა. ზოგადად, გამართლებული მიდგომაა, რომ სტრატეგიული წამლის დეფიციტს - სჯობს გვქონდეს მეტობა. ამასთან დაკავშირებით მოგიყვანეთ მაგალითები გველის ტოქსინის საწინააღმდეგო და ანტიდიფტერიული შრატებისა და შეიძლება ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა.
ზ.ჭ. - ამ პროგრამის, C ჰეპატიტის სამკურნალო წამლის (თითქოს მისი გამოცდა ხდება ჩვენზე. სრული ტყუილი!), შეერტებული შტატების, ლუგარის ლაბორატორიის (რომელიც ბატონი ამირანის ქვემდებარე უწყებაა) წინააღმდეგ ყველაზე დამაზიანებელი კამპანია პრორუსულმა ჯგუფებმა აწარმოეს ყალბი საინფორმაციო სააგენტოებითა და სოციალური ქსელებით. არის თუ არა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა, რომ ამ ჯგუფებს წლების განმავლობაში ახალისებს და აფინანსებს კიდეც, რაც გასულ თვეში ფეისბუქის მიერ ოფიციალურად დადასტურდა?
ა.გ. - კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბატონო ზურაბ, რომ პოლიტიკურ ქვეტექსტებში არ წამოგყვებით დისკუსიაში. ლუგარის ცენტრი არის ქვეყნის სიმდიდრე და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი თანამშრომლობისა. მე, ჩემი პირადი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ნიშანსვეტად მიმაჩნია, რომ რამოდენიმე მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად, რომელთა გვარების ხსენებაც წინა მთავრობის წარმომადგენლებს არ სიამოვნებთ, იმ გადაწყვეტილების მიღების მონაწილე ვარ, რომელმაც საფუძველი დაუდო ლუგარის ლაბორატორიის და მთლიანად ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მომუშავე ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემის შექმნას ქვეყანაში. ამავე დროს მოგეხსენებათ 2011 წელს გახსნილი ლუგარის ცენტრი ამუშავდა მხოლოდ 2013 წ-ში, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუბრუნდა სამართლიანად და აქაც ძალიან დიდი ძალიხმევა დაგვჭირდა. ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის (რუსეთი, პიროვნებები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ) ჩემთვის მიუღებელია და მყისიერი პასუხი მაქვს, რადგან ეხება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და ეს ყველასთვის ზეპარტიული უნდა იყოს. ლუგარი არ არის მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრის საკუთრება. ის ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი შენაძენია და თუ დაგაინტერესებთ, გაჩვენებთ სენატორ ლუგარის მადლიერების წერილს, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოგვიგზავნა.
განვმეორდები და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ საზოგადოების საყურადღებოდ, რომ ლუგარის ცენტრის როლი დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია და ამიტომ მწყდება გული, როცა ასე უდიერად და უაპელაციოდ აფასებენ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და ადამიანები, რომელთაც არაფერი სერიოზული ამ ქვეყნისთვის არ გაუკეთებიათ ამბობენ, რომ „ჩავარდა და ჩაფლავდა“. ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელად ხომ არ გეჩვენებათ ყველა განკურნებულისთვის, ბატონო ზურაბ?
ზ.ჭ. - ყველაზე მთავარი: ამ ტემპით ვერც2-3 წელიწადში მოხდებაC ჰეპატიტის აღმოფხვრა. დამატებით რის გაკეთებას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ 2023 წელს მაინც იყოს შედეგი? საჭიროა ძალიან კონკრეტული გეგმა, ჩვენ კი ეს ჯერ არ მოგვისმენია.
ა.გ. - დამიჯერეთ, თუ ამ პროგრამას პოლიტიკურ საჯილდაო ქვად არ ვაქცევთ და გადავალთ აკადემიური დისკუსიის რეჟიმში, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა თავის პარტნიორებთან ერთად, რომელიც დაამარცხებს ამ ვერაგ სენს და ეს იქნება ბევრად ადრე, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია (2030 წელი). მე მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ეს მიღწევადია 2022-2023 წწ ბოლოს. თუ გეგემები გაინტერესებთ, სიამოვნებით გაგიზიარებთ. დაესწარით მარტის ტრადიციულ მე-7 სამუშაო შეხვედრას და გაგაცნობთ. იქნებ თქვენც გაქვთ მოფიქრებული რაიმე ინოვაციური მიზნის მიღწევისთვის? მე და ჩემს გუნდს გვჯერა, რომ ჯანმრთელი საზოგადოება თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალად პოლიტიზირებული თემებით ჯანდაცვის სექტორის მიღწევათა ნგრევა!