Logo

შეხვედრა ICARS-ის წარმომადგენლებთან 30.09.2020

title

2020 წლის 30 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შედგა შეხვედრა ცენტრის გენერალურ დირექტორსა და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაცია და რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებები  საქართველოსა და დანიის სამეფოში.

 

აღსანიშნავია, რომ ICARS-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 2020 წლის 29 სექტემბერს, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიბიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრს (ICARS) შორის,  რომლის ძირითადი მიზანია სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვა.

 

შეხვედრაზე ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა რობერტ სკოვმა ხაზი გაუსვ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან წარმატებით დაწყებულ თანამშრომლობას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის ამოცანების განხორციელებას, შეამცირებს სამედიცინო დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების არამიზნობრივ და არარაციონალურ გამოყენებას, რაც გამოიწვევს სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის შემცირებას.