Logo

ვიზიტი ქ.ბათუმში - პრესკონფერენცია 11.06.2021

title აჭარაში სამუშაო ვიზიტით საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის და ცენტრის სხვა წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა აჭარაში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად შეხვედრა გამართა, რომელსაც განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტების მერები, სამედიცინო დაწესებულებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც. ეპიდსიტუცია მშვიდდება მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი, როგორიც არის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. დადებითობის პროცენტი აჭარაში გვაქვს 2%-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში და გუშინდელი მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აცრა სწორედ აჭარაშია ჩატარებული და ამ დროისთვის 19 000 აცრაა გაკეთებული. თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყნის მიზანია, რომ ჯამში 1700 000 ადამიანის აცრა მოხდეს, აქედან აჭარაში 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო გაბედულად გავხსნათ ტურისტული სეზონი. თუმცა თითოელ მოქალაქეს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, აუცილებელია დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს ვაქცინაციის ტემპის ზრდა, საშუალოდ დღეში ტარდება 800 აცრა, გეგმის მიხედვით ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს 2500-მდე. უახლოეს პერიოდში პროცესში ჩაერთვება ყველა სამედიცინო დაწესებულება", - აღნიშნა ჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.