Logo

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების მორიგი დეზინფორმაციის პასუხად

title

ბოლო რამდენიმე დღეა, ერთ-ერთი ბეჭდური მედია საშუალებით ვრცელდება ყოვლად დაუსაბუთებელი და უფრო მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დამაზიანებელი მოსაზრება ვაქცინაციის წინააღმდეგ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს  ზედმეტად მიაჩნია კონკრეტულად ამ მავნებლური პუბლიკაციების კომენტირება და მისი ავტორის ან დამფინანსებლების ‘’განათლება’’, მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ ნათლად განვმარტოთ მსოფლიოში იმუნიზაციის როლი და მისი მნიშვნელობა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან მოსახლეობის ეჭვები ვაქცინაციის მიმართ ართულებს მართვად დაავადებებთან ბრძოლას და საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანდაცვაში უკვე მიღწეულ იმ წარმატებებს, რომლებიც სწორედ იმუნიზაციამ განაპირობა.   ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ასეთ საფრთხეს უწოდა „უნდობლობა ვაქცინაციის მიმართ“, ასეთი საფრთხე გახდა სწორედ ერთ- ერთი მიზეზი, მსოფლიოში ბოლო წლებში წითელას ეპიდაფეთქებებისა, არგუმენტები რის გამოც ადამიანები უარს ამბობენ ვაქცინაციაზე არ ეფუძნება მტკიცებულებებზე დამყარებულ მეცნიერულ დასკვნებს და ხასიათდება როგორც „საგანგაშო და სახიფათო შეცდომა“.  სინამდვილეში, ვაქცინაცია ყველაზე მასობრივი სამედიცინო ინტერვენციის სისტემაა, რომლის   საშუალებით მსოფლიოში ყოველწლიურად 2-3 მილიონი გარდაცვალების შემთხვევაა თავიდან აცილებული, თუმცა, ვაქცინაციით მაღალი მოცვის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ 1,5 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება.

ფაქტები იმუნიზაციის შესახებ

ü იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში (პენიცილინი, რენტგენის სხივები, დნმ, ინსულინი, ანესთეზია და სხვა).

ü აღნიშნულ ჩამონათვალში მე-2 ადგილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავია, ხოლო მე-8 ადგილი - მორის ჰილემანის მიერ შექმნილ წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებულ ვაქცინას.

ü XX საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ინფექციურ დაავადებათა კონტროლი, უსაფრთხო საკვები და გარემო, ოჯახის დაგეგმარება და სხვა) იმუნიზაცია იკავებს პირველ ადგილს.

ü ვაქცინოლოგია, როგორც მეცნიერება, უკვე ცნობილია 200-ზე მეტი  წელი და აქამდე ერთგულად ემსახურება კაცობრიობას. ვაქცინაციის წყალობით დედამიწაზე აღმოფხვრილია ყვავილი.

ü 1988-2017 წლებში პოლიომიელიტის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა 99,9%-ით პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის ფარგლებში, 16 მილიონამდე ადამიანია გადარჩენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევვებისაგან. დაავადების გავრცელება შეჩერებულია ყველა ქვეყანაში, ავღანეთის, პაკისტანისა და ნიგერიის გარდა.

ü აპვ ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 90%-ის პრევენცია.

ü აპვ ვაქცინაცია კიბოს რეგულარულ სკრინინგთან ერთად არის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება.

ü ბ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალი ეფექტურობით იცავს დაავადებისაგან, ქრონიკული დაავადების განვითარებისა და ღვიძლის კიბოსაგან.

ü წითელა ერთერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა მსოფლიოში. აუცრელი ბავშვები წითელათი დაავადებისა და მისი გართულებების, მათ შორის სიკვდილის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ვაქცინაციის საშუალებით 2000-2017 წლების განმავლობაში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა 80%-ით.  აღნიშნულ პერიოდში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით გადარჩენილია 21 მილიონზე მეტი სიცოცხლე.

ü წითურამ ორსულებში შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი ან თანდაყოლილი მანკები. ბავშვობაში ჩატარებული წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია იცავს ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ü შემცირებულია სხვა მიკროორანიზმებით გამოწვეული დაავადებები -  დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, სხვადასხვა მენინგიტები და პნევმონიები, როტავირუსული დიარეები - ეს არის არასრული სია დაავადებებისა, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.

ü ვაქცინები საშუალებას იძლევა შემცირდეს ანტიბიოტიკების გამოყენება.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ვაქცინები მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა, გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე სხვა ნებისმიერი ფარმაცევტული პრეპარატი. თუმცა, ვაქცინები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია და აცრისშემდგომი გვერდითი მოვლენების რისკი მთლიანად გამორიცხული არ არის; ეს არ ნიშნავს იმას, რომ აცრის შემდგომ განვითარებული მოვლენების მიზეზების გამოვლენისა და დამტკიცების გარეშე, ყოველი ავად გახდომა მიაწერო ვაქცინის მოქმედებას. ანუ აცრის შემდგომ არ ნიშნავს აცრის გამო-ს, ვინაიდან მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად რამდენიმე ათასი აცრა ტარდება. ხოლო იმ დაავადებებს, რომელთა პრევენციაც აცრებითაა შესაძლებელი, დაუცველ პირებში შეუძლიათ გამოიწვიონ სიყრუე, სიბრმავე, თავის ტვინის მძიმე დაავადებები, დამბლები, ხეიბრობა და სიკვდილიც კი. აცრების საშუალებით დამარცხებული დაავადებების მძიმე შედეგები გაცილებით სახიფათოა, ვიდრე აცრებით გამოწვეული უკიდურესად იშვიათი გვერდითი მოვლენები. დაავადების მიერ გართულების გამოწვევის შანსები ასეულჯერადობით (და მეტად) მაღალია, ვიდრე ვაქცინის რისკები.