Logo

საკოორდინაციო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში

title დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უკრაინიდან დევნილ პირთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში ქ-ნი კემლინ ფურლი, ასევე - გაეროს მოსახეობის ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო და სერვისის მიმწოდებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკრაინიდან დევნილი პირების დიდი ნაწილი საჭიროებს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოერივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრირების ქვეშ არსებული სახელმწიფო და გლობალური ფონდის პროგრამების ფარგლებში გარკვეული სერვისები იფარება, თუმცა მნიშვნელოვანია  პროცესის კოორდინაცია, განსაზღვრა, თუ რა რჩება სერვისების მიწოდების მიღმა და ამ ინფორმაციის გაზიარება.

 

საუბრისას მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებსა და  იმ სერვისების თაობაზე, რომლის შეთავაზებაც შესაძლებელია მათთვის.  დაისახა შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების გეგმა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, იმის შესახებ რომ  ცენტრში შემუშავდება მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების რუკა, რომელიც მიეწოდება უკრაინიდან დევნილ მოსახლეობას და გავრცელდება პარტნიორებს შორის იმ საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით, რომელსაც UNHCR უწევს კოორდინაციას.