Logo

საქართველო თამბაქოს გარეშე 29.03.2018

title

2018 წლის 29 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საქართველო თამბაქოს გარეშე დღე უკვე მეორე ათეული წელია აღინიშნება და ყოველწლიურად სხვადასხვა პრიორიტეტულ თემას ეძღვნება.

წელს საქართველო თამბაქოს გარეშე დღის თემაა განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან.

ღონისძიებას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს მსოფლიოში; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. თუ მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10%; საქართველოში ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.

თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუ-ინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში.

2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.

ძირითადი ცვლილებები ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას 2018 წლის 1 მაისიდან; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე 2018 წლის 1 სექტემბრიდან და ა.შ.