შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის წლების განმავლობაში მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, კლინიკური მედიცინის, ლაბორატორიული დისციპლინების, ბიოუსაფრთხოების, სპეციალისტებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მიმართულებებში. აღინიშნა გერმანიის მთავრობისა და შესაბამისი უწყებების განსაკუთრებული როლი და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის, COVID-19 პანდემიის საწყის ეტაპზე, რაც პირველ რიგში, საქართველოსთვის ახალი კორონავირუსის სადიაგნოსტიკო პჯრ ტესტ-სისტემების ნაკრების გადაცემით გამოიხატა. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ეროვნული ცენტრის კამპუსი, გაეცნენ სამუშაო პროცესს და საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.