title
2021 წლის 15 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, აშშ დაავადებათა
კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობით, დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის
პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მე-6 ორდღიანი შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში.
შეხვედრა გახსნეს CDC-ის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების
ხელმძღვანელმა - კაროლინ ვესტერმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ, აშშ-ს
ელჩმა საქართველოში - კელი დეგნანმა, კომპანიის „Gilead Sciences” ვიცე პრეზიდენტმა
- ბეტი ჩანგმა, WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - სილვიუ დომენტემ და დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა
- ამირან გამყრელიძემ. შეხვედრაში ვირტუალურად მონაწილეობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის
პროგრამაში ჩართული ორგანიზაციები, კლინიცისტები, ეპიდემიოლოგები, ინფიცირების მაღალი
რისკის მქონე ჯგუფების წარმომადგენლები და
სხვ.
საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ტექნიკურ მრჩეველთა
ჯგუფი (TAG) ჩამოყალიბდა 2016 წელს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების
(CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) მხარდაჭერით. მას შემდეგ, ჯგუფი ყოველწლიურად იკრიბება
და განიხილავს C ჰეპატიტის (HCV) ელიმინაციისკენ მიმართულ პროგრესს, არსებულ გამოწვევევსა
და მათი გადაჭრის გზებს. თითოეული შეხვედრის შემდეგ ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიის მიმართულებების მიხედვით: ადვოკატირების,
ცნობიერების ამაღლებისა და განათლების ხელშეწყობა და HCV-სთან დაკავშირებით რესურსების
მობილიზება, HCV გადაცემის პრევენცია, HCV ინფიცირებული პირების გამოვლენა, HCV ლაბორატორიული
დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესება, HCV მზრუნველობა და მკურნალობა და HCV ეპიდზედამხედველობის
გაუმჯობესება.